მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქიდან 70 კმ-ში მდებარე ქალაქი ლაგორი აიღო. ამის შესახებ apnews.com იუწყება.
ასევე თალიბები ქალაქ მაზარი შარიფს უტევენ, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მაზარი შარიფი ტრადიციულად ანტითალიბური მოძრაობის ცენტრად ითვლება. მას საკმაოდ ძლიერი საველე მეთაურები იცავენ. ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.
ლაგორის აღების შემდეგ თალიბები ჩარ იასაბის რაიონამდე მივიდნენ, რომელიც ქაბულიდან სულ რაღაც 11 კილომეტრში მდებარეობს. „ბოევიკებმა“ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ავღანეთის უდიდესი ნაწილი სულ რაღაც სამ კვირაში დაიკავეს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ „თალიბანი" ქვეყნის დედაქალაქს აიღებს და ხელისუფლებაში მოვა.
თალიბების შეტევის დაწყების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ დღეს პირველად მიმართა ქვეყნის მოსახლეობას. ტელემიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კონსულტაციებს აწარმოებს უხუცესებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ავღანეთის მოკავშირე ქვეყნებთან და მოლაპარაკების შედეგი მალე გახდება ცნობილი.
ამჟამად თალიბები ავღანეთის 34 პროვინციიდან 19-ს აკონტროლებენ. რამდენიმე დღის წინ მათ ორი დიდი ქალაქი - ყანდაარი და ჰერათი აიღეს. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს თალიბები პრაქტიკულად უბრძოლველად იკავებენ.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში საზღვაო ფეხოსნები გააგზავნეს, რათა ქვეყნიდან დიპლომატიური მისიების ევაკუაცია განხორციელდეს.