მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია

არჩილ თალაკვაძე

„გუშინ ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მომავალ კვირას, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ის ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს - ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის მიმართვას რეალურ გამოწვევებზე და დაპირისპირების ნაცვლად, აქტიური პოლიტიკური დებატის და დისკუსიის უზრუნველყოფას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, რათა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და ყურადღება მათ შრომასა და ძალისხმევაზე გაამახვილა, რასაც მედიკოსები კოვიდ 19-თან ყოველდღიურ ბრძოლაში წევენ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ოკუპაციაზე, მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვლინდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის ასამბლეაზე უკრაინის საკითხსაც გაუსვა ხაზი: რუსული აგრესია ეხება არა მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება უკრაინასაც. ახლა ვიმყოფებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსული სამხედრო ძალების მობილიზება საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და მშვიდობიან განვითარებას. გუშინ ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას და ჩვენ მიმდინარე სიტუაციის ეს რთული ასპექტები განვიხილეთ. საქართველომ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა შესაძლო პლატფორმა უნდა გამოიყენოს აგრესიის შესაჩერებლად“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო რჩება როგორც დემოკრატიული რეფორმების წარმატებული მაგალითი და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელსაც აქვს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური გეგმა.

ბოლო წლებში განხორციელებულმა ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყანას უფრო წარმომადგენლობითი, პლურალისტური პოლიტიკური სისტემის აშენების საშუალება მისცა. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებს ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„იმედი მაქვს, რომ ევრონესტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნების დაახლოებაში მომავალშიც, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პროგრესი და ვიმსჯელოთ გამოწვევებზე. ძალა ერთობაშია და ევრონესტი, ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

✅„ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი

✅„შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა“- კობახიძე