მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი

მინისტრი ტრიბუნასთან

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს.

დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.