მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, პოლიტიკური ჩართულობა კი მდგრადი გახდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

„განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, რადგან დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც, პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას“,- ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულისკენ მიდის. მისივე თქმით, ამ შეთანხმების მისაღწევად ქართველმა პოლიტიკოსებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. შეთანხმება კი ამ პროცესების დასაწყებად მყარი საფუძველია.

შარლ მიშელმა ყურადღება სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების გატარების შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში კიდევ ერთხელ. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, რადგან დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა გახდა მდგრადი.

დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით. უნდა აღვნიშნო, რომ ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას, ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამაში და რას მოითხოვს ეს მომავალში, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის წლისთავს, აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ევროკავშირისკენ მისწრაფების სულისკვეთება. უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, მათ შორის საარჩევნო რეფორმას და სამართლებრივ რეფორმას. ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი, რაც მის მდგრად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.

ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. მე მივესალმები ამ ქვეყნების ლიდერების ერთად შეკრების იდეას.

საქართველოსთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, ლეგიტიმურობის გაძლიერებისთვის, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ ინსტიტუტები“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვია, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტიკოსებს შეხვდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ დატოვებს.

აგრეთვე იხილეთ:

📌არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია

📌კალიურანდი: ვულოცავ ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსს, ვინც ქართველ ხალხს მოუსმინა