მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: რეფერენდუმი მოვიგეთ, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

„ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის იმისი გარანტია, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამომდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.

მისი შეფასებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტად და დამატებით კიდევ ერთხელ გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი.

„ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების 47% ანუ გავიმეორეთ ის შედეგი, რომელიც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი არის შესაბამისად ძალიან ძლიერი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ის ექვსთვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოუცხადა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

„ამ არჩევნებით დადასტურდა ის, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა გაყალბებაზე საუბრისათვის. გაყალბებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ პივიტის ჭრილში ან იმ რიტორიკის ჭრილში, რომელიც ჰქონდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას. საპარლამენტო არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.