რეგიონი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

ბათუმში კორპუსი
ჩამოინგრა Pia.ge 8.10.2021
1633688687
დაკოპირებულია

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. შემთხვევა 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.

Pia.ge გთავაზობთ მუდმივად განახლებად ინფორმაციებს.

09.10.2021 18:40 ბათუმის ტრაგედიის გამო, პრეზიდენტის თხოვნით სვეტიცხოველში წირვა და პანაშვიდი აღევლინება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით სვეტიცხოველში წირვა და პანაშვიდი აღევლინება.

„დღეს მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა.

ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

09.10.2021 18:10 ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი პირიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია - ექიმი

ბათუმში, მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 პირიდან ერთი-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ჯემალ გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლირებადია.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა კონტროლირებადი. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები. გამოტანილია დიაგნოზი. პაციენტს აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი. ეს არის წინასწარი დიაგნოზები.

ამ დიაგნოზით აგრძელებს პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. როგორც უკვე გითხარით მდგომარეობა მძიმე, საყურადღებოა. დაგეგმილია მთელი რიგი კვლევების. შემოყვანის შემდეგ მდგომარეობა არ გართულებულა“, - აცხადებს ექიმი.

09.10.2021 17:41 „კონსტრუქტორები და გეოლოგები შეაფასებენ აქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას“ - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში კონსტრუქტორების და გეოლოგების მობილიზება მოხდება, იმისთვის რომ დადგინდეს იქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოება.

როგორც რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

რიჟვაძე აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახებისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ეს სამაშველო ოპერაცია მიზნად ისახავდა მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადარჩენას. პირველ რიგში აქ მოხდება შესაბამისი სპეციალისტების, როგორც კონსტრუქტორების ისე გეოლოგების მობილიზება და ისინი შეაფასებენ აქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას. სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, პირველ რიგში უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის. ყველა სამსახური მაქსიმუმს გააკეთებს, რომ არცერთი აქ მცხოვრები არ დარჩეს ყურადღების გარეშე“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

09.10.2021 17:18 „ყველა დაკარგულის ცხედარი ნაპოვნია, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“ - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე, ყველა დაკარგული ადამიანის ცხედარი ნაპოვნია.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სწორედ ამიტომ სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

„პირველ რიგში, ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა რაღაც ნაწილის, ვხედავთ რომ ე.წ. სინკარები არის გადმოწეული, სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება და შემდეგ იმსჯელებენ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა. სამწუხაროდ 9 გარდაცვლილია და ორი ადამიანი საბედნიეროდ ცოცხალი გადარჩა.

გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია. ერთი არის 7 წლის, მეორე 1 წლის და 3 თვის, ხოლო მესამე 12 წლის“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.

09.10.2021 17:02 ბათუმში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

09.10.2021 17:02 ბათუმში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

09.10.2021 16:42 11 ოქტომბერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში , 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

09.10.2021 16:09 „ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება“ - ომბუდსმენი

„ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს! ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ“, - აცხადებს ლომჯარია.

09.10.2021 15:41 პრემიერმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ODIHR-ის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამამწუხრა ბათუმში საცხოვრებელი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე ისევ იძებნება.

ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით, ღრმა სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ალბერტ იონსონის სამძიმარში.

09.10.2021 15:22 „თბილისი ბათუმის გვერდით დგას, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება“ - კალაძე

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, - აცხადებს კალაძე.

09.10.2021 15:02 „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

„ქართული ოცნება“ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.

09.10.2021 13:56 „ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევა საერთო ტრაგედიაა.ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

09.10.2021 13:52 „მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები“ - აშშ-ის საელჩო ბათუმის ტრაგედიაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას განცხადებით გამოეხმაურა.

აშშ-ის საელჩო ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

09.10.2021 13:17 ბათუმში, ნანგრევებში კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი გარდაცვლილი ამოიყვანეს.

26 მაისის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები 24 საათზეა მეტია მიმდინარეობს. ადგილზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

09.10.2021 13:13 საჯარო რეესტრს ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია - იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. მას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე განაცხადზე წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

„2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეეეტრსის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

09.10.2021 13:01 ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი ადამიანი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ დაშავებულ ორ მოქალაქეს, ერთი მათგანი, კლინიკაში
გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე რჩება.

ვახტანგ გომელაურმა სამაშველო-საძიებო ღონისძიების, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყვნენ, ასევე ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან.

სამწუხაროდ, 5 ადამიანია ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. ვეძებთ კიდევ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს, რა ოპერატიული ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ
გამოიწვია.

თითოეულ აგურზე სიფრთხილით მუშაობენ ხედავთ მაშველები, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი იქნება გაწმენდითი სამუშაოები. გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით, თუ გამოვლინდა სხვა პირთა დანაშაული, რა თქმა უნდა მიეცემიან პასუხისგებაში," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

09.10.2021 12:53 „თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, უდიდესი ტკივილია“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის“, - წერს ირაკლი კობახიძე.

09.10.2021 12:38 „ყველა სიტყვა უძლურია, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“ - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

„ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს“, - აცხადებს კუჭავა.

09.10.2021 11:55 „ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება“ - პრემიერი

საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ორშაბათი, 11 ოქტომბერი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - აცხადებს პრემიერი.

09.10.2021 11:25 „მაშველები როგორც კი მორჩებიან მუშაობას კონსტრუქტორები და გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან“ - რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შენობების მდგრადობას შეისწავლიან.

„როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოებს, აქ მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება“, - აცხადებს რიჟვაძე.

ამასთან, რიჟვაძის თქმით, შსს-მ უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ.

„გამოძიების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ“, - დასძინა რიჟვაძემ.

09.10.2021 10:26 „კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური

„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ. წესით მეტი არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით მედიას განუცხადა.

მინისტრის თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიდის.

„მთელი ღამე ვიმუშავეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაშველებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესში. სამწუხაროდ, 5 ადამიანი იქნა ნაპოვნი და ხუთივე გარდაცვლილი. გადასვენებული არიან პროზექტურაში. კიდევ ვეძებთ. კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ. წესით მეტი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, იცით რომ პასუხისგებაში მივეცით სამი ადამიანი, ბინის მესაკუთრე და 2 ადამიანი, რომელიც აწარმოებდა სამუშაოს. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ჩამონგრევა თუ სხვა რამემ გამოიწვია. გამოძიება ყველა მიმართულებით მიდის“, - აცხადებს მინისტრი.

09.10.2021 08:27 ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია.

ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული.

ნანგრევებიდან სულ ამოყვანილია 5 გარდაცვლილი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, 2 არასრულწლოვანია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

09.10.2021 03:06 ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა სამი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, სამი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვი და ორი მამაკაცია.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ადგილზე სამაშველო ღონისძიებები 15 საათზე მეტია გრძელდება.

09.10.2021 02:32 როგორია ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ადამიანია ამოყვანილი. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ექიმების თქმით, ნანგრევებიდან გამოყვანილი 35 წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 37 წლის კაცს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება.

ნანგრევებიდან გამოყვანილი 37 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი დეა ქაჯაია აცხადებს, დაშავებულს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა.

ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალს რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.

ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს.

09.10.2021 01:33 ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება.

პრეზიდენტი თანაუგრძნობს იმ ოჯახებს, ვისაც აღნიშნული ტრაგედია შეეხო:

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

09.10.2021 01:10 ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, სამძებრო სამუშაოებისას მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი ქალია.

ცხედარი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაასვენეს.

09.10.2021 00:14 როგორია კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ კლინიკაში განაცხადეს.

ექიმის თქმით, მას მრავლობითი ტრავმა და დაჟეჟილობები აქვს.

„შემოიყვანეს კიდევ ერთი დაშავებული, 37 წლის მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან არის ამოყვანილი. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე, პაციენტი იყო გონზე.

აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება, ღია მოტეხილობა. მას ახლა უტარდება კვლევები. მდგომარეობა არის მძიმე, არის ტრავმული შოკი“, - აღნიშნა ექიმმა.

08.10.2021 23:14 „სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ - გომელაური ბათუმის შემთხვევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

იგი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 ადამიანია გადარჩენილი და ნანგრევებში უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებიც.

მინისტრის განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

08.10.2021 23:14 „სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ - გომელაური ბათუმის შემთხვევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

იგი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 ადამიანია გადარჩენილი და ნანგრევებში უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებიც.

მინისტრის განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

08.10.2021 22:53 ნანგრევებიდან მეორე ადამიანი ამოიყვანეს - ვითარება ბათუმში (ვიდეო)

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

დაშავებული მოქალაქე ახალგაზრდა კაცია. მან ნანგრევებში დაახლოებით 11 საათი გაატარა.

ადგილზე სხვა დაშავებული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.

08.10.2021 21:24 ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაშავებული ქალი კონტაქტურია და მას დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

08.10.2021 21:24 ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაშავებული ქალი კონტაქტურია და მას დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

08.10.2021 20:40 ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლის კომენტარი

08.10.2021 20:24 ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან პირველი ადამიანი ამოიყვანეს (ვიდეო)

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან პირველი ადამიანი ამოიყვანეს.

იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებული მოქალაქე ახალგაზრდა ქალია. მან ნანგრევებში დაახლოებით 9 საათი გაატარა.

მაშველები ნანგრევებიდან კიდევ ერთი ნაპოვნი მოქალაქის ამოყვანას ცდილობენ.

08.10.2021 19:32 ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას დაშენებასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას დაშენებასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, ყველა დაზარალებულ ოჯახს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ.

„ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლთან მობილიზებულია სამაშველო ძალები და მუნიციპალური სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.

ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

08.10.2021 18:45 „ვლოცულობ, რომ მსხვერპლი არ იყოს“ - სააკაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედებაა საჭირო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

„კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედება საჭირო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. აუცილებელია ობიექტური გამოძიება, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას ვინ არის დამნაშავე.

ასევე შესაჩერებელია ყველა საეჭვო მშენებლობა სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით“, - აცხადებს სააკაშვილი.

08.10.2021 18:03 „პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები იყვნენ“ - პრემიერი

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, შემთხვევის ადგილზე 300 მაშველი მუშაობს.

ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხის გარეშე და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება.

დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები მოვისმინე, ამის თაობაზე მანაც საჯაროდ განაცხადა, თუმცა წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება არ მინდა. ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები იყვნენ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

08.10.2021 17:20 „კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მიდიოდა ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, წინასწარ ვერ ვიტყვი ამას. გამოძიებით დადგინდება, იყო ეს საყრდენი კედლის გამოცლა თუ სხვა მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ეს დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ადამიანები. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - აღნიშნა მინისტრმა

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მიმდებარე შენობებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ დაინგრა კორპუსი.

„90%-ით გაზის თემა გამოირიცხა. კამერებიც ნახა პოლიციამ, ნახეს თუ როგორ ხდება ჩამონგრევა, გაზის შემთხვევაში ასე არ ინგრევა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, რომელთაგან კონტაქტი მხოლოდ 2 ადამიანთან ხერხდება.

ინფორმაციისთვის, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

08.10.2021 17:10 როგორ დაიწყო ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა - კადრები

08.10.2021 17:06 „ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში მოყოლილი“ - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა აღნიშნა, ამ მოცემულობაში უფრო სწრაფად მუშაობა ვერ ხერხდება.

მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ადამიანების გადარჩენა მოხერხდეს.

„ნამდვილად მძიმე სიტუაციაა. კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში.

2 ადამიანი კონტაქტზე გამოდის, ცოცხლები არიან, თუმცა ვერ გვეუბნებიან დაბლა არიან თუ ჩავარდნილი არიან ნანგრევებში. ასეულობით მაშველია ჩართული, არ არის იმის საშუალება, რომ 100 და 200 ადამიანი ავიდეს ნანგრევებზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის მუნიციპალიტეტების სამსახურები.

ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა, ფიზიკურად ვერ გამოდის. ჩვენი მაშველები პროფესიონალურად მუშაობენ“, - აცხადებს გომელაური.

08.10.2021 16:35 „ნანგრევებში მოყოლილი დაახლოებით 2 ადამიანი კონტაქტზე იმყოფება“ - ადგილობრივი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ 2 ადამიანთან მაშველებმა კონტაქტი დაამყარეს.

როგორც მგალობლიშვილი აღნიშნავს, მათგან ერთ-ერთი ბავშვია და რამდენიმე წუთში მოხდება მათი ამოყვანა ნანგრევებიდან.

„ეს სახლი ჩემი საცხოვრებლიდან მდებარეობს 100 მეტრში და აფეთქების ხმა რომ გავიგე, 2-3 წუთში აქ ვიყავი. ჩემი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში, მეტი არა. დაახლოებით 2 ადამიანი ახლოს არის, კონტაქტზეა იმყოფება და უახლოეს წუთებში მაშველები ამოიყვანენ მათ.

რასაც გვეუბნებიან, ბავშვია და კიდევ მცირეწლოვანიც შეიძლება იყოს. რა რესურსიც კი აჭარაში არსებობს და ირგვლივ რეგიონებში, ყველა აქ არის. უახლოეს ხანებში ამ ბავშვთან, ვინც კონტაქტურია, მაშველები შეაღწევენ“, - განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

მისი თქმით სახლი არ იყო ავარიული.

08.10.2021 15:58 ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანია მოყოლილი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ 8 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

ამავე ცნობით, 8 ადამიანიდან 3 არასრულწლოვანი, ხოლო დანარჩენი ზრდასრული უნდა იყოს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ერთ-ერთ სახლში ქალი ორ შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა.

08.10.2021 15:27 „მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

„მოდიოდა, ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“, - ამის შესახებ კორპუსში მდებარე სალონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაია ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„კორპუსის პირველ სართულზე, მიმდინარეობდა ჩვენს გვერდით სარემონტო სამუშაოები. მოდიოდა - ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში. ჯერ აფეთქების ხმა იყო და მას შემდეგ ნგრევა მოყვა. ყველას შოკური მდგომარეობა გვაქვს. პირადად შოკიდან ვერ გამოვდივარ ძალიან ცუდად ვარ. ჩამონგრევის პროცესში არაფერი არ დამინახავს“, - აცხადებს სალონის თანამშრომელი.

08.10.2021 14:24 პრემიერი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

პრემიერის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.

ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, - აცხადებს პრემიერი.

08.10.2021 14:20 ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ მცირეწლოვანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანება აღენიშნება - ექიმი

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ მცირეწლოვანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ბათუმის იაშვილის კლინიკის პედიატრმა თამარ ბახტაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, მცირეწლოვანს წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.

„ამ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენ კვლევებში სხვა პათოლოგიები არ შეინიშნება. მიმდინარეობს კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. ჩვენთან ამ ეტაპზე ერთი ბავშვია შემოყვანილი“, - აღნიშნა ექიმმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

08.10.2021 14:05 ვახტანგ გომელაური ბათუმში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში გაემგზავრა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში კორპუსის ნაწილის ნგრევის შემდეგ არსებულ ვითარებასა და მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

08.10.2021 13:49 „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ“ - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება.

რიჟვაძის თქმით, ამ ეტაპზე ვერსიებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, თუმცა ჯერ კიდევ არიან ადამიანები ნანგრევებში. მაშველები აგრძელებენ მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო, ასევე დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ. ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

08.10.2021 13:46 დაიცავით უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილეთ პოლიციის თანამშრომლებს - აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი

„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები“, - ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ და მიმდინარეობს გამოძიება.

„ჩამონგრეულია კორპუსის ერთი მხარე, სადარბაზოს ერთი ნაწილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე, პოლიციის თანამშრომლები, ადგილზეა სასწრაფო დახმარება, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურები.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების პროცესში და მათ ევაკუაცია. დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ვთხოვო მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათ მხრიდან არ მოხდეს სამუშაოებზე ხელის შეშლა“, - განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა.

08.10.2021 13:44 „პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანებები და წვივის მოტეხილობა აქვს.

ცნობილია, რომ ბავშვთან ერთად მანქანაში არასრულწლოვანის მამა იმყოფებოდა. როგორც ის აღნიშნავს, კორპუსის პირველ სართულზე ნგრევითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი.

08.10.2021 13:36 „ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა“ - ბათუმის მერის მოადგილეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ბათუმის მერის მოადგილეს ლელა სურმანიძეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მერის მოადგილის თქმით, კორპუსზე დაშენება 5 წლის წინ მოხდა. სწორედ სურმანიძის განცხადებამ კორპუსის დაშენებასთან დაკავშირებით ადგილობრივის გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილობრივის თქმით, კორპუსზე დაშენება 2 წლის წინ მოხდა და მასზე პასუხისმგებელი ქალაქის მერიაა.

„ეს დიდი ხნის წინ არის დაშენებული? ნებართვა გქონდათ, 2 სართული რომ დააშენეთ? ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, როდის დაშენდა ორი სართული ამ კორპუსზე, მაგრამ ვიცი რომ 2 წლის წინ არის დაშენებული. თქვენ ფული როგორ იშოვოთ ამას ფიქრობთ. უნამუსოები ხართ“, - მიმართა მოქალაქემ ლელა სურმანიძეს.

08.10.2021 13:26 „სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)

ბათუმში მაშველები კორპუსის ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს ნანგრევებიდან ხმა ერთმა ადამიანმა მიაწვდინა.

მისი თქმით, სუნთქვა შეუძლია. ამ დროისთვის მაშველები მისი ამოყვანის გეგმას ადგენენ.

08.10.2021 12:56 შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება. შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

08.10.2021 12:55 „კორპუსი არ იყო ავარიული და ამის გამო არ არის ეს ნგრევა გამოწვეული“ - ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

ბათუმის ცენტრში 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მობილიზებულია ქალაქის ყველა სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, კორპუსი არ იყო ავარიული და ამის გამო არ არის ეს ნგრევა გამოწვეული.

„ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ, 1 ბავშვი უვნებლად იქნა გამოყვანილი, ასევე მეზობელი სადარბაზოდან ხდება მოსახლეობის ევაკუაცია რადგან შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი შემდგომი ნგრევის თვალსაზრისით.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიცია, ყველა მუნიციპალური სამსახური ამ ნანგრევების გასათავისუფლებლად და უფრო მოგვიანებით გვექნება კონკრეტული პასუხი, დაზარალებულთა შესახებ. სავარაუდოდ დაშავებულები იქნებიან, რადგან საცხოვრებელი სახლია.

5 სართულიან კორპუსში 3 სადარბაზოა, მაგრამ 1 სადარბაზოა ჩამონგრეული, სულ 15 ოჯახი ცხოვრობს, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს.

შესაძლოა იყო გაზის აფეთქება დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ კორპუსი არ იყო ავარიული და ამის გამო არ არის ეს ნგრევა გამოწვეული, სხვა რა მიზეზები იყო ახლა მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებაც მოგვიანებით გვექნება ინფორმაცია.

გაზის წყლის მიწოდება კორპუსში ამ წუთებისთვის შეწყვეტილია.

თვითნებური მიშენება და დაშენება ამ კორპუსზე რამდენადაც ვიცი არ ყოფილა, სავარაუდოდ ეს არ უნდა იყოს მიზეზი.

მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდის პროცესი და ხდება სიტუაციის დათვალიერება და შეფასება რა რაოდენობაა დაზარალებული, მობილიზებულია ბათუმის ყველა სამაშველო სამსახურის ბრიგადები“, - განაცხადა ლელა სურმანიძემ.

08.10.2021 12:38 (ვიდეო) „მეორე სართულზე რემონტი იყო, ქვების ცვენა დაიწყო და შემდეგ მთელი კორპუსი ჩამოინგრა“ - თვითმხილველი

„მეორე სართულზე რემონტი იყო და იქიდან შევნიშნეთ ქვების ცვენა. ქვების ცვენის შემდეგ მთელი კორპუსი ჩამოინგრა“, - ამის შესახებ ბათუმში თვითმხილველმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ადგილობრივის თქმით, კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ მიზეზად კორპუსის დაზიანება სახელდება.

„26 მაისის 20 ნომერში დიდი აფეთქების ხმა მომესმა და გვერდით კორპუსიდან გამოვვარდი. მთელი ერთი სადარბაზო ჩამოშლილი იყო. გვერდით იდგა მანქანა, რომელშიც წლის 3 თვის ბავშვი იჯდა. ბავშვის მამა გადარჩა, იმიტომ. რომ მის მხარეს არ დაეცა კორპუსის სინკარები. ბავშვს ფეხი დაუზიანდა.

მიზეზად სახელდება კორპუსის დაზიანება, სადარბაზო გამოთხარესო მეზობლები ამბობენ. ქვევით 24 საათის განმავლობაში თხრიან ყველაფერს. არქიტექტურის სამსახური მოშლილია. მთელი ბათუმი ასეა, დათხრილი მთელი ბათუმი. მეორე სართულზე რემონტი იყო და იქიდან შევნიშნეთ ქვების ცვენა. ქვების ცვენის შემდეგ მთელი კორპუსი ჩამოინგრა. მე-6, მე-7 სართული დაშენებულია. ალბათ 10 წლის წინ დააშენეს.

08.10.2021 12:21 ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან წლისა და სამი თვის ბავშვი ამოიყვანეს.

ბავშვი კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

08.10.2021 12:13 პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი კირთაძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებიდან გაზის აფეთქება გამოირიცხა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში.

მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი მანქანიდან დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები.

08.10.2021/11:56 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სააგენტო PIA.GE ამ წუთებში ადგენს.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.