მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მკვლელობა დააბრალეს, ერთად ისხდნენ ციხეში, მაგრამ არ ვიცოდი „კანონიერი ქურდი“ თუ იყო“ - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედა

შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ლატარიას დედის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და მას მკვლელობას აბრალებენ.

როგორც ბრალდებულის დედა იხსენებს, ბექა ლატარია და ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ ციხეში ერთად ისხდნენ, როცა ბექა ლატარია არასრულწლოვანი იყო.

მისი თქმით, შესაძლოა, ლატარიას მკვლელობაში ბრალი „კანონიერ ქურდთან“ კავშირის გამო დასდეს.

„ჩემს შვილს დააბრალეს მკვლელობა. 16 წელი ციხე მოიხადა და ყველასთან კარგად იყო. მე რომ მეცვას შარვალი, შეიძლება სურვილი გამომეთქვა, რომ მინდოდა „კანონიერი ქურდობა“, მაგრამ ეს ხუმრობით იქნებოდა. ის ვიცი, რომ არასრულწლოვანი რომ იყო ერთად ისხდნენ და მეტი არაფერი, „კანონიერი ქურდი“ რომ იყო ისიც არ ვიცოდი. ალბათ ამას მიაბეს რამე“, - აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ბიძინა ხასაია ჩვენებაში ადასტურებს, რომ ბრალდებულ ბექა ლატარიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტთან ლაშა ბარათელთან.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობა შეკვეთილი იყო და დამკვეთმა მკვლელების დაქირავება უცხოეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელს დაავალა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული.

ანასტასია შატალოვა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის ყოფილი მეუღლე იყო და მასთან სამართლებრივი დავა ჰქონდა.