სამოქალაქო მოძრაობის „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან. მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ამას არ შეეწინააღმდეგება, ამას საზოგადოება გააკეთებს.
„ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს კონკრეტულად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი საქართველოსი არ იქნება, არ უნდა შემოუშვან საქართველოში და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს. თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებიდან მიიღებენ ამ პასუხს. მისი დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება და მისთვის იქნება აქ ყოფნისას ყოველი წუთი იქნება პრობლემის წუთი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ დაბადების დღის აღნიშვნას აპირებს და მისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.
სასტუმრო „ვინოტელთან“ კი სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები რუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.