მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაძვირდება თუ არა პური? - ლევან დავითაშვილის განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

„მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურის შესაძლო გაძვირების საკითხს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგულარულ შეხვედრებს მართავდა პურის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ შესაბამისი პროგრამა 4 თვის განმავლობაში 31 მარტამდე იმოქმედებს.

მინისტრის თქმით, შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ბაზრების მიხედვით ვითარებას დააკვირდებიან.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება იყო, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა ისე ხორბლის მწარმობელთა ასოციაციის მხრიდან.

საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად უკვე ფქვილის ფასი ქვეყანაში ძვირდება და შესაბამისად ეს შეიძლება ასახულიყო პურის ფასზე. მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს განცხადება გააკეთა და საუბრობდნენ ისინი იმაზე, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა.

რა თქმა უნდა, ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური არის განსაკუთრებით სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი.

ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით და რეგულარული შეხვედრები გვქონდა მწარმოებლებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვაცილებს თავიდან.

ამ შემთხვევაში პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად მოსახლეობას მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვის განმავლობაში 31 მარტამდე.

შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე, იცით, რომ ეს განსაკუთრებული ვაჭრობის საგანია. ბევრი ფაქტორი განაპირობებს მის ფასს. შესაბამისად იმის მიხედვით თუ როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს ამ პერიოდის გასვლის შემდეგ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.