მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე მელქისედეკი: საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას

სინოდის წევრი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება. 

როგორც იგი აღნიშნავს, მიმდინარე პროცესები საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას საფრთხეს უქმნის.

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს. გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს.

საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა.

გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს. თქვენთვის მლოცველი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)“, - წერს მეუფე მელქისედეკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“ - გიგა ბოკერია

სალომე სამადაშვილი: პოლიტპატიმრების თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი