მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის“ - დავით მრელაშვილი

ქართველი ექიმი აშშ-ში

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება.

მრელაშვილი განმარტავს, რომ ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ემყარება. რეალურად კი, ამ ეტაპისთვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის განსხვავება არ არის.

„საზოგადოების ნაწილმა უარი თქვა იმის გამო, რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მეცნიერულად დაუსაბუთებელი გართულებების, ეჭვის გამო, დროებით ან ნაწილობრივ შეაჩერეს ეს ვაქცინა და ასევე უგულებელვყოფთ მსოფლიოს ათეულობით წამყვან ქვეყანას, სადაც ჩვეულებრივ გრძელდება ვაქცინაცია. შემოიტანეს „ფაიზერი“, რომელსაც ჯერ წუნი ვერ დასდეს - მაინც არ ვიცრებით“,- წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

დავით მრელაშვილი ასევე აღნიშნავს სავარაუდო მიზეზებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესის მიმართ საზოგადოების სკეპტიკურ განწყობას უდევს საფუძვლად. მათ შორის კი ისტორიულად სიახლის მიმართ შიშსა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობას ასახელებს.

„1. გენეტიკურად და კულტურულად სიახლისადმი ფრთხილი ხალხი ვართ. რატომ? იმიტომ რომ ისტორიულად ასე იყო - როგორც წესი, გარედან შემოსული რაიმე უცხო და სიახლე - დამპყრობელი და შარი იყო ჩვენთვის...

2. უნდობლობა მთავრობის მიმართ ასევე მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტში. ეს არც პოლიტიკური განცხადებაა, არც ექსკლუზიურად მიმდინარე მმართველ პარტიას ეხება. ეს არის ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რასაც ბევრი მიზეზი აქვს...

3.რისკების შეფასების საკმარისი აღქმა არ არის საზოგადოების მასაში, და არც მათ ენდობიან, ვისაც ეს უნარი აქვს“,- ვკითხულობთ პოსტში.

აშშ-ში მოღვაწე ექიმი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტსაც ახსენებს და წერს, რომ არსებული რისკები არა ერთ შემთხვევაზე, არამედ ზოგად სიტუაციაზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს.

„აბა ის ექთანი რომ გარდაიცვალა? - ამაზე ძალიან მარტივი პასუხია ანალოგიის პრინციპით: საქართველოში რომ ვიყავი, ერთი ახლობლის ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში BMW-ს მარკის ავტომობილში. ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ BMW ან ცუდი მანქანაა, ან „ოპელზე“ ნაკლებად იცავს მგზავრებს ავარიის დროს? ვეცადოთ, შევხედოთ საერთო სურათს და მიზეზს, და არა ერთეული ფაქტი განვაზოგადოთ“,- წერს დავით მრელაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საერთაშორისო დონეზე ნდობის დაკარგვის საფუძველიც შეიძლება გახდეს. ამ მხრივ არსებული სტატისტიკა კი სამარცხვინოა.

„უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის. აქამდე ვეუბნებოდი არ გვაქვს ვაქცინა, ვიხოცებით, გვიშველეთ-თქო. აწ ყველასთვის წვდომადი ინფორმაციაა ქვეყანაში რამდენი ვაქცინა შემოვიდა, და იქედან მოსახლეობამ 10%-ც კი ვერ აითვისა ჯერ და რომ ნახონ სტატისტიკა - ვაქცინასაც დავკარგავ და ნდობასაც მომავლისთვის.

და ბოლოს, 529-ლიტრიანი მაცივარი კი არა - ქამარზე ჩამოსაკიდი თერმოსი რომ მეჩუქებინა კახეთისთვის, ისიც ეყოფოდა ვაქცინის შესანახად, ისეთი ცოტა იცრება“,- აცხადებს დავით მრელაშვილი.

აგრეთვე იხილეთ:

📌203 თბილისი, 64 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში