მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რიონის მცველები“ ლევან ვასაძის მხრიდან დაფინანსებაზე კომენტარს აკეთებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი წევრის, მარიტა მუსელიანი Pia.ge

ნამახვანჰესის პროექტი სულ უფრო აქტუალური ხდება. „რიონის ხეობის მცველები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქციებს მართავენ. როგორც „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, 23 მაისის აქციის გეგმებზე წინასწარ არ საუბრობენ და მისი მხრიდან გეგმების დამალვამ საზოგადოებაში მრავალი კითხვა გააჩინა.

PIA.GE ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფინანსური მხარდაჭერის საკითხით დაინტერესდა. ცნობილია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტს იზიარებს და 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მისვლასაც აპირებს.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ შეთავაზების შემთხვევაში „რიონის ხეობის მცველები“ მისგან ფინანსების მიღებას დათანხმდნენ, „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი აქტივისტი მარიტა მუსელიანი პასუხობს:

„6 თვის მანძილზე, ჯერ ერთი, მე არ მიგრძნია, რომ რაიმე განსაკუთრებული დაფინანსება გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა და კარვებში ვცხოვრობთ, რაიმე განსაკუთრებული ფინანსებისთვის ჩვენ არ მიგვიმართავს. არ გაგვიკეთებია რაიმე განსაკუთრებული რეკლამა და არ მიგვიმართავს პიარ-ტექნოლოგიებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც აქ დგანან, თავისით მოდიან. ბევრ ჩვენს თანამემამულეს გული შესტკივა ამ საკითხზე და ფინანსური ამბავი რაღაცნაირად თავისთავად, ადამიანების ძალისხმევით გვარდება. რომ გითხრათ, რომ ამაში გვჭირდება რამე, ასეთი საჭიროება ერთხელ იყო, როცა ბენზინის ფული გამოგველია ერთ-ერთი აქციის წინ, ვითხოვეთ და მოგვარდა თავისთავად. საერთოდ არ გვიფიქრია ამაზე, ისე გადაწყდა თუნდაც ჭამა-სმის ამბავიც, მით უმეტეს დიდი მოთხოვნილების ხალხი ჩვენც არ ვართ.

რაც შეეხება ვასაძეს, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკური ძალებისგან და საზოგადოებაში ცნობილი ადამიანებისგან ფულს არ ავიღებთ. ფულს სწირავენ აქ ჩვეულებრივი ადამიანები, შეგნებულად. არავისგან ვიღებთ ფულს. ფული რომ გამოვართვა ადამიანს, მერე მასთან ანგარიშვალდებული ხომ ხარ, როგორ გეკადრებათ?! ირიბი შემოთავაზებები საიდანღაც იყო, მაგრამ ეს ყოვლად გამორიცხულია ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ, ვასაძეს ახლა თავისი თავი აქვს დასაფინანსებელი უპირველეს ყოვლისა და არ მგონია, კიდევ ვინმეს დაფინანსება უნდოდეს, ვერ გეტყვით, ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა რიონის ხეობის მცველმა.