მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის მილსადენზე ჰაკერების შეტევის შემდეგ ნავთობი გაძვირდა

კიბერშეტევა აშშ-ის ნავთობსადენზე

აშშ-ის მილსადენის Colonial Pipeline-ის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერების კიბერშეტევის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ნავთობსადენის მეშვეობით აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ნახევრის საწვავით უზრუნველყოფა ხდება. მომხდარის გამო აშშ-ში რეგიონული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე $0,41-ით გაძვირდა და ერთ ბარელში $68,69-ს მიაღწია. ნიუ იორკის ბირჟაზე WTI-ის ნავთობი $0,19-ით გაძვირდა და მისი ბარელის ფასმა $64,9-ს მიაღწია.

Colonial Pipeline-ის ნავთობსადენზე კიბერშეტევა DarkSide-ის ჰაკერულმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც რუსეთს უკავშირდება. ნავთობსადენის მუშაობის სრული მასშტაბით აღდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. ჰაკერები კომპანიის ხელმძღვანელობისგან გამოსასყიდს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის სერვერებიდან მოპარული ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრებიან. გამოსასყიდის ოდენობა უცნობია.

„როიტერის“ ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება Colonial Pipeline აქტიურად თანამშრომლობს, რათა კიბერშეტევა კომპანიისთვის მინიმალური დანაკარგებით დასრულდეს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევაა აშშ-ის ისტორიაში. ამერიკელი კონგრესმენები გახშირებული კიბერთავდასხმების გამო აშშ-ის სამთავრობო და სტრატეგიული დაწესებულებების კომპიუტერული სისტემების უფრო სერიოზული დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.