მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის და პრიგოჟინის ნაბიჯები ეს არის სტალინური ნაბიჯების უნიჭო მიბაძვა, ის, რაც სტალინს გასდიოდა, პუტინს არ გაუვა - ლაშა ბერიძე

პოლკოვნიკი

სამხედრო ანალიტიკოსმა და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „პალიტრას“ ეთერში, უკრაინაში ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომს უკრაინა იგებს. 

👉 დრამატული და მძიმე საყურებელია ომი, მაგრამ უკრაინა არის მოგებიან სიტუაციაში, ნაკლები მსხვერპლით, დანაკარგით, ხარჯით ოკუპანტს აყენებს იმ ზიანს, რაც მნიშვნელოვანია - ლაშა ბერიძე

ლაშა ბერიძე არ გამორიცხავს, რომ სოლედარში უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიონ. 

ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ  ჭკვიანი რუსები ომის წაგებისთვის ემზადებიან და წაგებულ ომსაც ჰყავს გმირები და წაგებულ ომში გმირი „ვაგნერის“ ჯგუფი გამოვა.

„როდესაც რუსეთს ეომები, მარტივი გამოსავლის და მარტივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. სოლედარს და ბახმუტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, ტაქტიკურად ამ ომის ბედის გადაწყვეტისთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. სოლედარი შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ერთ-ერთ ფლანგს ასუსტებს, ბახმუტის თავდაცვისთვის. ასეთ ბრძოლებში ძალიან რთულია ზუსტად თქვა, ვინ რას და როგორ აკონტროლებს. სტანდარტული ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა აქ უკან დაიხიონ.

ბახმუტი არის „ვაგნერის“ პასუხისმგებლობის ზონა. ვაგნერი ცდილობს, შიდა რუსულ საზოგადოებაში მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება. ომის წაგებისთვის ჭკვიანი რუსები ემზადებიან. წაგებულ ომსაც ჰყავს გმირები და წაგებულ ომში გმირი „ვაგნერის“ ჯგუფი გამოვა. მიმდინარეობს სამხედროების დასუსტება“, - აღნიშნავს ლაშა ბერიძე. 

ლაშა ბერიძემ გადაცემაში, სერგეი სუროვიკინის მოხსნაზე და უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეთაურად ვალერი გერასიმოვის დაინიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერგეი შოიგუს ეს გადაწყვეტილება გაუხარდა. 

„ძალიან გამიხარდა, რომ სუროვიკინი მოხსნეს და დააქვეითეს. რეალურად ამ ომში, სუროვიკინი იყო ერთადერთი რუსი გენერალი, რომელმაც რუსეთისთვის სასარგებლო და სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა. ხერსონის დატოვება და დნეპრის ხაზზე გამაგრება სწორი გადაწყვეტილება იყო. ხერსონის შენარჩუნების საშუალება რუსებს არ გქონდათ, ფაქტობრივად სისხლიდან იცლებოდნენ. სუროვიკინმა ამ ნაბიჯით გაამაგრა ქალაქი მელიტოპოლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთს როდესაც ეომები, მსხვერპლის გარეშე  ვერ გაიმარჯვებ“, - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი. 

სამხედრო ანალიტიკოსის განცხადებით, ამ ომში უკრაინა იმარჯვებს და რუსეთი მარცხდება. 

მისი თქმით, საქართველოში საზოგადოების ნაწილს პუტინის უძლეველობის ისევ სჯერა, ამიტომ ამ საზოგადოებასთან საუბარს აზრი არ აქვს. 

ლაშა ბერიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ ბახმუტის და სოლედარის ბრძოლა ამ ომის ბედს ვერ გადაწყვეტს და რუსები ბახმუტს ვერ აიღებენ.

„ძალიან რთულია გაერკვე რა იხარშება რუსეთის შიგნით. ერთი რამ, რაც აშკარაა ესაა, რომ პუტინის კარზე ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს. პუტინის და პრიგოჟინის ნაბიჯები ეს არის, სტალინური ნაბიჯების უნიჭო მიბაძვა. ის, რაც სტალინს გასდიოდა საზოგადოებაში, პუტინს არ გაუვა.

რუსეთს პირველი დღიდან არ ჰყავდა ქვეითი კარგად მობილიზებული ჯარი. ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, უნდა ახლდეს ქვეითები, ქალაქში ბრძოლისთვის. ბახმუტის და სოლედარის ბრძოლა ამ ომის ბედს ვერ გადაწყვეტს. რუსები  ბახმუტს ვერ აიღებენ. 

ომი ფული ღირს. ასეთი სტრატეგია თუ შეინარჩუნა უკრაინამ, გამოფიტვის ომი დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ შედეგი გამარჯვების თითქმის გარანტირებულია. შეტევას თავისი რისკები აქვს, თუმცა შეტევაზე გადასასვლელად უკრაინას საჭირო იარაღი სჭირდება. ვფიქრობ, უკრაინელები გააგრძელებენ გამოფიტვის ომს. სწრაფი დამთავრება ამ ომის გარკვეულ რისკებს შეიცავს. 

კიევს ისეთი ძალები იცავს, კიევზე შეტევა აბსურდი იქნება. უკრაინის დედაქალაქის აღება არის შეუძლებელი. რაც არ უნდა გიჟურად ჩანდეს, იმ გიჟურ პუტინის წრეში სამხედროებს მაინც, ასე თუ ისე დაბალანსებული ხალხის და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. ამ ომში უკრაინა იმარჯვებს, ამ ომში რუსეთი მარცხდება. ეს იქნება ძალიან რთული პროცესი, მაგრამ ამ ომს უკრაინა მოიგებს“, - დასძენს სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემინაიასკენ, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტი ალყაში მოაქციონ - საბრძოლო რუკა

✔️ დროებითი წინსვლა დონბასში არ დაეხმარება კრემლს ომის მიმდინარეობის შეცვლაში - ნედ პრაისი

✔️„თუ უკრაინა ბელარუსს თავს დაესხმება, მინსკი ომში ჩაერთვება“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

✔️ რუსული ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ - პენტაგონი

✔️ „უკრაინის ხელისუფლებაში მყოფებს ომი უნდათ“ - რუსეთის ელჩი თურქეთში