მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე“ - ამირან გამყრელიძე

დაავდებათა ცენტრის დირექტორი
1657184882
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის რეკომენდაციას იძლევა, რომ დახურულ სივრცეში პირბადეები გამოიყენონ. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ზრდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, რაც ძირითადად განპირობებულია ომიკრონის ახალი BA-4 და BA-5 ქვეშტამებით.

„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. BA-4-ის და BA-5-ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. მატება გვაქვს, გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი.

დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე დაახლოებით 350 პაციენტი წევს.  მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გვქონდა მარტში. მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე, გადატანით. ამიტომ, შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი.

მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის შემდეგ, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება, იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს იმუნური ფენა შემცირებულია ქვეყანაში. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა, 18 წლის ზემოთ. პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ივანე ჩხაიძე განმარტავს, ომიკრონის შემთხვევაში კონტაქტიდან რამდენ წუთში შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი