მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი არ ცდილობს ღაზას ოკუპაციას, არამედ ჩვენ მისი „ჰამასისგან“ გათავისუფლებას ვგეგმავთ!

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრს უკვე მეორედ მოუწია საკუთარი სიტყვების გამეორება, რომ ის ღაზას ოკუპაციას კი არ აპირებს გაფართოებული სამხედრო ოპერაციით, არამედ მისი „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლება სურს. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL გვიზიარებს.

ნეთანიაჰუს დღეს, 10 აგვისტოს სპეციალური პრესკონფერენციის ჩატარება მოუწია, სადაც უცხოურ მედია საშუალებებს და მოწვეულ ჟურნალისტებს ღაზასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხა. „ისრაელისთვის უსაფრთხოება უპირველესია“, - აღნიშნა პრემიერმა და სწორედ, ამ საკითხს დაუკავშირა კაბინეტის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული სამხედრო ოპერაცია. 

იერუსალიმის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის მმართველი წინასწარ დაწერილი განცხადებით მივიდა. მისი თქმით, „ტყუილის გასაქარწყლებლად და სიმართლის სათქმელად“. „სიმართლე კი ის არის, რომ „ჰამასს“ ღაზაში კვლავ ჰყავს ათასობით ტერორისტი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, „ჰამასი“ პირობას დებს, რომ გაანადგურებს ისრაელს და 7 ოქტომბრის სისასტიკეს გაიმეორებს.

პრემიერის თქმით, ღაზაში მცხოვრები ადამიანები ისრაელს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებას ევედრებიან. „ღაზას ქალაქის მცხოვრებნი გვთხოვენ გავათავისუფლოთ, ისინი ევედრებიან მსოფლიოს: გაათავისუფლეთ ღაზა „ჰამასისგან“, - ამტკიცებს ნეთანიაჰუ. „ომი შეიძლება ხვალვე დასრულდეს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია დაყრის იარაღს და დარჩენილ მძევლებს გამოუშვებს“, - ამბობს ის. 

პრემიერის თქმით, იმის  გათვალისწინებით, რომ „ჰამასი“ უარს ამბობს დანებებაზე, ისრაელს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ „დაასრულოს სამუშაო და დაასრულოს ის „ჰამასის“ დამარცხებით“.