მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპზე ზეწოლა გააძლიერეს, რათა უკრაინა პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში ჩართოს

ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ზეწოლას აძლიერებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში ჩართოს. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

უკრაინის ალასკის სამიტში ჩართვის ძალისხმევა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ევროპისა და კონკრეტულად კი, უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება არასწორი ნაბიჯი იქნება. ის იმედოვნებს და ვარაუდობს, რომ პროცესში პრეზიდენტი ზელენსკიც იქნება ჩართული. 

ასევე, მერცმა თქვა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს ვაშინგტონთან, რათა უზრუნველყოს უკრაინის მმართველის დასწრება მოლაპარაკებების დროს. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი იზიარებს გერმანიის კანცლერის განწყობას და აცხადებს, რომ „ევროპა ვერ შეეგუება, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილებოდეს ან თუნდაც, გადაწყდეს უკრაინის გარეშე. იმედს ვიტოვებ, რომ აშშ-ის მთავრობაც ამ პოზიციაზეა“, - ამბობს ლემი.

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს თქმით, ალასკის სამიტი პუტინის გამოცდას ეძღვნება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთის ლიდერი ომის დასრულებას.

რუტემ კრიტიკულად შეაფასა მოლაპარაკებებში ზელენსკის არ ყოფნა და თქვა, რომ „უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ მომავალს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია, თუმცა უკრაინა უნდა იყოს სუვერენული ერი, რომელიც თავად გადაწყვეტს საკუთარ გეოპოლიტიკურ მომავალს“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ევროკავშირის მინისტერიალის საგანგებო შეხვედრისას, საკუთარი კოლეგების განწყობა გაიზიარა ბრიუსელის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმაც. 

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს. აშშ-ს აქვს ძალაუფლება, აიძულოს რუსეთი და დაითანხმოს მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზულად დაჯდომაზე, მაგრამ აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ შეთანხმებაში უნდა იყოს ჩართული უკრაინა და ევროკავშირი, რადგან ეს უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა კალასმა.