მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონი: ბრედლის პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩავა

ბრედლის ტანკი

„ბრედლის“ პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში „უახლოეს მომავალში“ ჩავა. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

კონკრეტულ დროს რაც შეეხება, მან განმარტა, რომ საუბარია კვირებზე.

„შეიარაღების ბოლო გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

სამხედრო დახმარების წინა ორ პაკეტში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინაში 109 ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანის გადაცემა, რომლებსაც „ტანკ მკვლელებს“ უწოდებენ.

ამის შემდეგ გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის ამ სისტემებზე მრავალკვირიანი სასწავლო სესიები მოეწყო.

უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ბახმუტში დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე ათიათასობით მობილიზებულით, თუმცა, მისი თქმით, ეს ჯარისკაცები ცუდად არიან აღჭურვილნი, ცუდად გაწვრთნილები და მათ ნაჩქარევად უშვებენ ბრძოლის ველზე.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსეთის შეტევითი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წესრიგის წარმატებით დაცვას და ბახმუტის დაცვას.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის შეერთებული შტატების ჯამური სამხედრო დახმარება უკვე აღემატება 26,7 მილიარდ დოლარს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნატო არასდროს ყოფილა ისე გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა - ჯონ კირბი