მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ცხინვალში კაცი გაიტაცეს, სცემეს და მანქანის გასაღები წაართვეს

ცხინვალის ე.წ. პროკურატურა

ცხინვალში ბიზნესმენი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით, ბოროტმოქმედები კაცთან სალაპარაკოდ მივიდნენ, რა დროსაც მას მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს, ამის შემდეგ კი ის ცხინვალის ჩრდილოეთ შემოგარენში წაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბოროტმოქმედები დაზარალებულისგან მათთვის დიდი ოდენობით ქონების გადაცემას მოითხოვდნენ.

ცემის შემდეგ დაზარალებულმა გამტაცებლებს 6 მლნ რუბლის (73 ათასი აშშ დოლარის) ღირებულების ავტომობილის გასაღები გადასცა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა დაზარალებული მის სახლში მიიყვანეს და გაათავისუფლეს.

დაზარალებული მიხვდა, რომ თუ ის რამეს არ იღონებს, ბოროტმოქმედები მის ავტომობილს წაიყვანდნენ, რომლის გასაღები მათ ჰქონდათ. ამიტომ ის მანქანის პარკინგის ადგილზე მივიდა, უკანა საქარე მინა ჩაამსხვრია, მანქანაში შეაღწია და იქიდან ელექტრონული ნაწილები ამოიღო, რის შემდეგ ავტომობილის დაქოქვა შეუძლებელი გახდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პროკურატურამ“ ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გატაცება წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად მოხდა, ასევე ძალადობის გამოყენებით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა, რაც ასევე ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით იყო ჩადენილი.

გატაცების მონაწილე რამდენიმე პირი დაკავებულია, ხოლო დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს.