მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 წელი რუსეთში ნავალნის დაბრუნების შემდეგ, რა მოუვიდა რუსეთის ოპოზიციას - BBC

ნავალნი და მისი მომხრეები

2 წლის წინ, ანუ 2021 წლის 17 იანვარს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრინდა. ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს. ნავალნი უკვე 2 წელია ციხეშია, ასევე, ციხეში აღმოჩნდა 10-ზე მეტი რუსი ოპოზიციონერი, მათ შორის ნავალნის თანამებრძოლებიც არიან.

რა მოუვიდა 2 წლის განმავლობაში რუსეთში ოპოზიციას და საპროტესტო მოძრაობას? ამის შესახებ BBC სტატიას ავრცელებს. 

ალექსეი ნავალნი

2021 წ. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი

2023 წ. - იმყოფება ციხეში

2020 წლის ბოლოს ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგებისგან გერმანიაში მკურნალობდა - და თავის გუნდთან და ჟურნალისტ ხრისტო გროზევთან ერთად მან გამოიძია საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

„დაბრუნება-არდაბრუნების შეკითხვა ჩემს წინაშე არასოდეს დასმულა. მე არც წავსულვარ რუსეთიდან. გერმანიაში მე რეანიმაციის მანქანით ჩამიყვანეს ერთი მიზეზის გამო: ჩემს მოკვლას ცდილობდნენ“, - წერდა ნავალნი სოციალურ ქსელში.

„მაშინ გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, თავის ბუნკერში ყვირის და თავის მსახურებს ეუბნება, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაბრუნდესო“, - ამბობდა ის.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნის ჯერ პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს „ივ როშეს“ ძველ საქმეზე. შემდეგ ახალი სასჯელი დაემატა - ამომრჩევლების შემოწირულობასთან დაკავშირებულ თაღლითობასა და  სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე - კიდევ 9 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე არის აღძრული - „ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნა“.

ამჟამად პოლიტიკოსი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, სადაც მას რეგულარულად სჯიან ყველა წვრილმანზე, როგორიცაა მაგალითად, ციხის ფორმაზე გახსნილი ღილები. ის უჩივის თავის ჯანმრთელობას და ძალიან მძიმე პირობებს: მაგალითად, ნავალნიმ მოყვა, რომ მის საკანში პატიმარი მოათავსეს, რომელსაც საშინელი სუნი ასდის, ხოლო გვერდით კამერაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი იმყოფება, რომელიც გამუდმებით ყვირის.

ლიუბოვ სობოლი

2021- წლიდან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა

2023 წლიდან ემიგრაციაში იმყოფება

სობოლმა თავდაპირველად ნავალნის იურისტად დაიწყო მუშაობა, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯერ კიდევ 2011 წელს მის გუნდს შეუერთდა. 2019 წლის მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, რომელიც მასობრივი საპროტესტო აქციებით აღინიშნა, იგი ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა. არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვების მოთხოვნით მისი შიმშილობა ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი გახდა.

ნავალნის დაბრუნების შემდეგ, სობოლი „სანიტარიულ საქმეში“ ბრალდებული გახდა: საქმე მათ წინააღმდეგ აღძრეს, ვინც 2021 წლის იანვარში ნავალნის მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა, რაც, სამართალდამცველების თქმით, „სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევისკენ წახალისება იყო“.

სობოლს წელიწად-ნახევრით გადაადგილების შეზღუდვა მიესაჯა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვასაც გულისხმობდა, მაგრამ, სანამ განაჩენი ძალაში შევიდა, ხოლო აღკვეთის ღონისძიება უკვე მოხსნილი იყო, სობოლმა  რუსეთის დატოვება მაინც მოახერხა. ახლა ის ევროპაში ცხოვრობს, YouTube არხი „Navalny LIVE“ ამჟამად მის ხელშია. რუსეთში სობოლი ძებნილთა სიაშია შეყვანილი და „როსფინმონიტორინგის“ ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაშია.

მარია ალიოხინა

2021  წლის შემდეგ შინა პატიმრობაში იყო

2023  წელს ემიგრაციაშია

ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი, ასევე, იყო „სანიტარიულ საქმეში“ ბრალდებულთა შორის: 2021 წელს მას ბრალი ედებოდა ნავალნის მხარდასაჭერად პროტესტში მონაწილეობის მოწოდებაში, რის შედეგადაც ადამიანები შესაძლოა დაავადებულიყვნენ კორონავირუსით.

ალიოხინა 2021 წლის იანვრის ბოლოს შინაპატიმრობაში აღმოჩნდა, ხოლო სექტემბერში მას ერთწლიანი გადაადგილების შეზღუდვა მიესაჯა. როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ ეს სასჯელი კოლონიაში რეალური პატიმრობით შეიცვლებოდა, ალიოხინა საზღვარგარეთ გაიქცა. ის სახლიდან Delivery Club-ის კურიერის ფორმაში გამოწყობილი გავიდა. ასე რომ, ძალოვანმა უწყებებმა, ვინც სახლს თვალყურს ადევნებდა, ის ვერ შეამჩნიეს. ბელარუსის გავლით ალიოხინა ევროპაში გადავიდა. ახლა ის Pussy Riot-თან ერთად მთელ მსოფლიოში კონცერტებს აწყობს.

ოლეგ სტეპანოვი

2021 წლიდან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

2023 წელს ემიგრაციაშია

ნავალნის მოსკოვის შტაბის უფროსი. ნავალნის დაბრუნების შემდეგ ასევე ბრალდებული გახდა „სანიტარიულ საქმეში“ და რამდენიმე თვე შინაპატიმრობაში გაატარა.

სასამართლომ იგი 2021 წლის იანვარში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებებში და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. იმავე წლის შემოდგომაზე სტეპანოვს ერთი წლით გადაადგილების  შეზღუდვა მიესაჯა. მაგრამ აქტივისტმა მაინც მოახერხა რუსეთის დატოვება. ახლა ის ძებნილთა სიაშია შეყვანილი. 2022 წლის ივნისში სტეპანოვისთვის გადაადგილების  შეზღუდვა დაუსწრებლად შეიცვალა რეალური პატიმრობით.

ლილია ჩანიშევა

2021 წელს - ნავალნის შტაბის უფროსი ქალაქ უფაში

2023 წელს წინასწარ პატიმრობაშია, მას 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ჩანიშევამ მსხვილ საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ში კარიერა მიატოვა, რათა  ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო უფაში. 2017 წელს ნავალნის რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი ჰქონდა.

2021 წლის აპრილში ნავალნის შტაბები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად აღიარეს. ნავალნის სტრუქტურებმა დახურვის შესახებ განაცხადეს, რათა ყოფილი თანამშრომლები ბრალდებებისგან დაეცვათ. მაგრამ ამან არ იმუშავა: ნოემბერში ჩანიშევა, როგორც შტაბის ყოფილი უფროსი,  ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. იგი წელიწადზე მეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში  სასამართლო პროცესს ელოდება: ჩანიშევას 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნავალნის შტაბის ბევრმა კოორდინატორმა დატოვა რუსეთი, ხოლო ვინც დარჩა, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ილია იაშინი

2021 წ. მოსკოვის მუნიციპალური კრების ხელმძღვანელი

2023 წ. პატიმრობაში იმყოფება, 8 წელი აქვს მისჯილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც საპროტესტო მოძრაობას 20 წელზე მეტი დაუთმო, ბორის ნემცოვის მეგობარი და მუნიციპალური დეპუტატია, რომელმაც 2017 წელს მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონში არჩევნები მოიგო. იაშინს პრინციპულად არ სურდა ქვეყნის დატოვება. მან რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც არ დატოვა და YouTube-არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბარს განაგრძობდა. ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე საუბრის გამო იაშინი დააკავეს და 8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ევგენი როიზმანი

2021 წ. პოლიტიკოსი, ეკატერინბურგის ყოფილი მერი.

2023 წ. - სასამართლოს ელოდება.

ეკატერინბურგის პოპულარული ოპოზიციური ყოფილი მერი პროტესტებში მონაწილეობდა, როდესაც ნავალნი აეროპორტში დააკავეს. ომის დაწყების შემდეგ მან რუსეთის დატოვებაზე უარი თქვა და მთავრობას აკრიტიკებდა. გაზაფხულზე რამდენჯერმე დააჯარიმეს „არმიის დისკრედიტაციისთვის“ – ეს არის სტანდარტული მუხლი, რომლითაც რუსეთში ომის კრიტიკისთვის სჯიან. როიზმანი ასევე ხელისუფლების უპატივცემულობისთვის დააჯარიმეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებებზე როიზმანი სოციალურ ქსელებში მწვავე კომენტარებს აკეთებდა.

აგვისტოს ბოლოს პოლიტიკოსი ჯარის დისკრედიტაციისთვის სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს. სისხლის სამართლის მუხლი ძალაში შედის ადმინისტრაციული მუხლით მსგავსი დარღვევების შემდეგ, რომლის მიხედვითაც როიზმანი მარტში და აპრილში სამჯერ დაჯარიმდა 50 ათასი რუბლით.

ამჟამად როიზმანი სასამართლოს ელოდება: მას ეკრძალება ინტერნეტით სარგებლობა და საზოგადოებრივი ადგილების მონახულება.

ანდრეი პივოვაროვი

2021 წ. - რუსეთში მუნიციპალური დეპუტატების ყრილობის ორგანიზატორია

2023 წ.  4 წლით კოლონია მიესაჯა

მიხეილ ხოდორკოვსკის „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორია. როდესაც 2021 წლის მაისში, სახელმწიფო სათათბირომ არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონის გამკაცრება გადაწყვიტა, „ღია რუსეთმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ორგანიზაციიდან ყველა წევრი გარიცხა, იმ იმედით, რომ ამით დაიცავდა მათ მომავალი სისხლის სამართლის საქმეებისგან.

მოძრაობის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 27 მაისს იყო მიღებული, ხოლო ორი დღის შემდეგ ანდრეი პივოვაროვი ვარშავის ავიარეისიდან ჩამოსვეს და არასასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს.

უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან  პოლიტიკოსი სახელმწიფო სათათბიროში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა  კრასნოდარის „იაბლოკოს“  სიით. ის ამჟამად პატიმრობაში ოთხწლიან სასჯელს იხდის.

ვლადიმერ კარა-მურზა

2021 წ. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

2023 წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის სახელმწიფო ღალატისთვის.

კარა-მურზა ხშირად იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, ის „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში მონაწილეობდა, დასავლელ პოლიტიკოსებთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ამის გამო 2022 წელს ძალოვანმა უწყებებმა მისი დევნა დაიწყეს.

ფორმალურად, კარა-მურზა „სამხედრო ფეიკების“ საქმეზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის 15 მარტს, არიზონას შტატის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, კარა-მურზა, „პოლიტიკური სიძულვილის მოტივებით მოქმედებდა“ და მან „განზრახ ცრუ ინფორმაცია“ გაავრცელა იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში  საცხოვრებელ სახლებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებს და სკოლებს ბომბავდნენ.

სანამ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში პირველი საქმის განხილვას ელოდება, მის წინააღმდეგ ახალი საქმეების აღძვრა მიმდინარეობს. ჯერ არასასურველი ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობისთვის, შემდეგ კი გაჩნდა ყველაზე სერიოზული ბრალდება - სახელმწიფო ღალატი.

ლევ შლოსბერგი

2021 წ. ფსკოვის საოლქო კრების დეპუტატი

2023 წ. პარტია „იაბლოკოს“ ფსკოვის  განყოფილების ხელმძღვანელი.

ფსკოვის პოლიტიკოსი შლოსბერგი დიდი ხანი იყო პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. პარტიის ფსკოვის განყოფილების თავმჯდომარე, ის არაერთხელ აირჩიეს საოლქო პარლამენტში. ახლა ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ოპოზიციონერებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსეთში და ისევ თავისუფალია.  TV YouTube არხზე „გრაჟდანინ ტვ“ შლოსბერგი, „იაბლოკოს“ სხვა წევრებთან ერთად, ადგილობრივ პრობლემებზე და მსოფლიო სიახლეებზე, მათ შორის უკრაინის ომზეც საუბრობს.