უცხოეთი

ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონი რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე საუბრობს
1637402542
დაკოპირებულია

აშშ-ის დაზვერვა აფრთხილებს თავის მოკავშირეებს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია აგრესიისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს. ამის შესახებ nytimes.com იუწყება. 

დაზვერვის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ არსებობს არც თუ ისე ბევრი დრო იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეეშალოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. ამისთვის კი ეკონომიკური სანქციების პაკეტი და შესაბამისი სამხედრო ხასიათის ზომების მიღებაა აუცილებელი.

ამერიკული ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა ჯერ ვერ გადაწყვიტა თუ როგორ უნდა გამოიყენოს ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ამჟამად უკრაინის საზღვართან იმყოფებიან, მაგრამ ვაშინგტონი ამ საკითხს ძალზე სერიოზულად აღიქვამს.

ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინმსი მიმდინარე კვირას ბრიუსელში იმყოფებოდა, რათა ეს საკითხი ნატოს მოკავშირეებთან შეეთანხმებინა. ასევე, აშშ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინასაც აწვდის. ამისთვის აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვალერი ზალუჟნის ტელეფონით ესაუბრა.

ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტს განიხილავს, რასაც შეიძლება ორი მიზანი ჰქონდეს - უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია ან ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია, რათა ხელისუფლებაში უფრო პრორუსული ძალები მოვიდნენ. 

ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პუტინს არ მოსწონს 2014 წლის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის მიერ დაწყებული სამშვიდობო პროცესი, რომელიც ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ განხორციელდა. ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ პუტინს ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტის გაჭრა სურს. ამისთვის კი მომდევნო თვეებს ძალზე ხელსაყრელ პერიოდად განიხილავს. 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის, ხოლო გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებას გარკვეული დრო დასჭირდება.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ კი ევროპა რუსულ გაზზე უფრო დამოკიდებული გახადა. რუსული ენერგომატარებლების დაკარგვის საფრთხის გამო შეიძლება ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მხარდაჭერაზე უარი თქვას. რუსეთმა ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდებით მანიპულირება უკვე დაიწყო. როდესაც პუტინი ხედავს, რომ ენერგომატარებლებზე ფასები იზრდება, ის ფიქრობს, რომ მოქმედების არეალი უფრო ფართო აქვს. მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში რუსეთს სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად მეტი ფულიც ექნება.

რუსეთის გააქტიურებას უკრაინის საზღვართან ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა. ბერლინში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან „შეიარაღებული ძალების დიდი და უჩვეულო კონცენტრაცია ხდება“. მისი თქმით, რუსეთმა გამჭვირვალედ უნდა უზრუნველყოს მისწრაფება ამ მდგომარეობის დეესკალაციისკენ.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ყირიმში დამატებითი ქვედანაყოფები გადაისროლა და ქალაქ პავლოვსკის მახლობლად სამხედრო საწყობი, ასევე ტანკები, ჰაუბიცები და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ განათავსა, რის შედეგად უკრაინის ტერიტორია ამ რაკეტების დარტყმის არეალში მოექცა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც ნოემბერში შედგა სწორედ იმისთვის განხორციელდა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა - უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციას და უკრაინის დაშინებას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვება. ბერნსი რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დავალებით იმყოფებოდა.

აშშ-ის სპეცსამსახურები ასევე ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტში მოსკოვის პირდაპირი მონაწილეობა დადგენილი არ არის, მაგრამ მოსკოვის მხრიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს ამ მოქმედებას მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, რაც, როგორც მინიმუმ, ამ კონფლიქტში „მოსკოვის მინიმალურ ჩართულობაზე“ მიუთითებს.