მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნის უფლება მისცა - Reuters

ჯაველინის რაკეტა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინაში ამერიკული რაკეტებისა და სხვა იარაღის გაგზავნის ნებართვა მისცა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ქვეყნებმა, სანამ შეერთებული შტატებიდან მიღებულ იარაღს მესამე მხარეს გადასცემენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან თანხმობა უნდა მიიღონ. 

„აშშ-ის გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალებას მისცემს, რომ უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცეს, ლიეტუვა კი უკრაინის დახმარებას „სტინგერის“ რაკეტებით უზრუნველყოფს“, - აცხადებს Reuters-ის ერთ-ერთი წყარო. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის გადაცემის უფლება მისცა, თუმცა არ უთქვამს, თუ რომელი იარაღის გაგზავნაზე იყო საუბარი.  

„აშშ და მისი მოკავშირეები ერთად დგანან, რათა დააჩქარონ უკრაინის დახმარება. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და ნატოს მოკავშირეებთან, შემოქმედებითად ვიყენებთ უსაფრთხოების თანამშრომლობის ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააძლიეროს თავისი თავდაცვა მზარდი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრაისმა.

მისივე თქმით, აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულად რჩება და მის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. 

„როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა უთხრა პრეზიდენტ პუტინს, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ უკრაინელებს დამატებით თავდაცვით იარაღს მივაწვდით. ჩვენ ერთგული ვართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა