შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი დააწესა, რაც პრეზიდნტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ ირანის მოკავშირე დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მასშტაბური ქმედებაა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰუსიტების“ მხრიდან სახსრების მოზიდვის, კონტრაბანდისა და თავდასხმის ოპერაციების ჩაშლის მიზნით, სანქციები 32 ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, ოთხი გემის წინააღმდეგ დაწესდა.
სამიზნეებს შორისაა ჩინეთში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომლებიც, ფინანსთა სამინისტროს თქმით, დაჯგუფებას სამხედრო დანიშნულების კომპონენტების ტრანსპორტირებაში ეხმარებოდნენ, ასევე, სხვა კომპანიები, რომლებიც „ჰუსიტებისთვის“ ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას უწყობდნენ ხელს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ასევე ნავთობის კონტრაბანდისტებსა და „ჰუსიტებთან“ დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს ეხება.