მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

რუსეთის აგრესიული გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით

დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები უკრაინას აფრთხილებენ, რომ მიმდინარე ზამთარში რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის  დიდი ალბათობა არსებობს, რისთვისაც მოსკოვმა, შესაძლოა, სამხედრო მეთოდებიც გამოიყენოს. ამის შესახებ ft.com იუწყება. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, დასავლეთის ეს დასკვნა როგორც უკრაინის საზღვართან 90 ათასამდე რუსი სამხედროს კონცენტრაციის, ასევე „საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის“ მოპოვების საფუძველზე კეთდება.  ამასთანავე გამოცემა წერს, რომ რუსეთის გეგმების შესახებ 100%-იანი მტკიცებულება არ არსებობს და საჭიროა მისი შესწავლის გაგრძელება. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სიტუაცია იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად წვრთნები გამართა და იქ 100-ათასიანი კონტინგენტი განათავსა.

ბოლო დღეებში უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციით შეშფოთებას გამოთქვამს აშშ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკვე განაცხადა, რომ 2014 წლის გამეორება, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, „დიდი შეცდომა იქნება“.