კიევზე განხორციელებული იერიშის შემდეგ, კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით. თემაზე ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან ისაუბრა.
ამასთან ერთად, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. „როგორც ამას აკეთებს უკრაინა“, - დასძინა მან.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ხედავთ, რომ, ასევე, კიევის რეჟიმის მხრიდან დარტყმები გრძელდება რუსეთის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის, ხშირად – რუსულ მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე. თავიანთ ამოცანებს ასრულებენ რუსეთის შეიარაღებული ძალებიც. ისინი, როგორც გაცხადებული იყო, განაგრძობენ დარტყმებს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მათ მიმდებარე ობიექტებზე.
დარტყმები წარმატებულია, სამიზნეები ნადგურდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამავდროულად, რუსეთი ინარჩუნებს დაინტერესებას მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისადმი, რათა პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით მიღწეულ იქნეს ჩვენ წინაშე დასახული მიზნები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.