საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტზე პირველ გამარჯვებას „ქართული ოცნება“ სოციალური ქსელით ულოცავს.
ცნობისთვის, საქართველომ ევრობასკეტების გახსნითი ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი მოიგო. 2011 წელს ბელგიას სძლია, 2013-ში – პოლონეთს, 2017-ში – ლიეტუვას, ხოლო 2025-ში – ესპანეთს.
ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ არითმიის გამო ორი კვირა დაისვენა. მისი ესპანეთთან თამაში ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ექიმებმა უფლება მისცეს და ისიც სასტარტოში ვიხილეთ.
საქართველო ფარქვეშ მეტოქეზე უკეთესი ნამდვილად იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გამოცდილ ტანმაღალ ესპანელებს ძალიან უჭირდათ ფარქვეშ შესვლა და ქულების მოპოვება.
სკარიოლოს შეგირდები პერიმეტრიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას, თუმცა დაცვაში საქართველო პერიმეტრზეც კარგად იდგა.