ამერიკელმა სენატორებმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს აშშ-ის სანქციებს რუსეთის ნავთობტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ Financial Times-ისთვის გახდა ცნობილი.
კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონის კანონმდებლების მზარდ ინტერესს, გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა შეაჩერონ პუტინის მიერ ომის დაფინანსება.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ შესახებ კანონპროექტს პარასკევს წარადგენენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ის ასევე შეეხება რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებსაც და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.
„პუტინი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად და აშშ მკაცრ ზომებს იღებს გემების ამ უკანონო „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელსაც ის თავისი ომის დასაფინანსებლად იყენებს“, - განაცხადა რიშმა.
კანონპროექტს მხარს უჭერს ორივე პარტიის სენატორთა ჯგუფი, ასევე ტრამპის მოკავშირეები ლინდსი გრეჰემი და სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ტომ კოტონი.