ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის, და ისრაელის შესახებ გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, „დაასრულოს გენოციდი“ ღაზას სექტორში. კომისიის დასკვნები 16 სექტემბერს გაეროს პრესსამსახურმა გაავრცელა, წერს Deutsche Welle.
„ცხადია, რომ არსებობს განზრახვა, გაანადგურონ ღაზაში პალესტინელები ისეთი ქმედებებით, რომლებიც აკმაყოფილებს გენოციდის [დანაშაულის პრევენციის შესახებ] კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ნავი პილაიმ.
ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის წევრებმა - რომლებიც გაეროს თანამშრომლები არ არიან, მაგრამ ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს მიერ ინიშნებიან - განაცხადეს, რომ ისრაელის ხელისუფლებამ და უსაფრთხოების ძალებმა „ჩაიდინეს გენოციდის ხუთი აქტიდან ოთხი“, რომელიც 1948 წლის კონვენციით არის განსაზღვრული.
კომისიის განცხადებით, საქმე ეხება „მკვლელობას, სერიოზული ფიზიკური, ან ფსიქიკური ზიანის მიყენებას, პალესტინელების განადგურების მიზნით განკუთვნილი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნას და შობადობის თავიდან ასაცილებლად მიმართული ზომების გამოყენებას“.
მანამდე, 16 სექტემბრის ღამეს, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.