გერმანიამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ შაბათს, 9 აგვისტოს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაგმეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილება ღაზას სექტორში ახალი შეტევის დაწყების შესახებ, რაც ღაზას ქალაქზე კონტროლის აღებას გულისხმობს.
ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ასეთი ოპერაცია „გააუარესებს არსებულ კატასტროფულ ჰუმანიტარულ სიტუაციას, საფრთხეს შეუქმნის მძევლების სიცოცხლეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გადაადგილების დამატებით რისკს შექმნის“.
„ისრაელის მთავრობის მიერ გამოცხადებულმა გეგმებმა შესაძლოა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა გამოიწვიოს“, - მიაჩნიათ ხელმომწერებს.
„ანექსიის, ან დასახლებების გაფართოების ნებისმიერი მცდელობა არღვევს საერთაშორისო სამართალს“, - დასძენენ გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, „ყველა ღონე იხმაროს ამ საშინელი კონფლიქტის საბოლოოდ დასასრულებლად, დაუყოვნებლივი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით, რაც შესაძლებელს გახდის ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბურად, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიწოდებას, მაშინ, როდესაც ღაზას სექტორი ყველაზე უარესი სცენარის - შიმშილის - წინაშე დგას“.
რაც შეეხება „ჰამასის“ ტერორისტების მიერ დაკავებულ მძევლებს, ხელმომწერები მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას წინასწარი პირობების გარეშე, ასევე მათ მიმართ ჰუმანური მოპყრობის უზრუნველყოფას.
ხუთმა სახელმწიფომ ისრაელს მოუწოდა, შეცვალოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა, „რათა მათ ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად გააგრძელონ მნიშვნელოვანი საქმიანობა და დახმარება გაუწიონ ღაზას სექტორში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას“.
განცხადების ავტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების მიმართ, რომელიც მოლაპარაკებების გზით ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ითვალისწინებს.
„მოლაპარაკებების შედეგად ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა მოითხოვს „ჰამასის“ სრულ დემილიტარიზაციას და მის სრულ გამორიცხვას ღაზას სექტორში მმართველობის ნებისმიერი ფორმისგან, სადაც პალესტინის ეროვნული ხელისუფლება ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.