გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ დაუშვებს სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა, ღაზას სექტორში გამოიყენებოდეს. მის სიტყვებს Spiegel-ი ციტირებს.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია აჩერებს ყველა იმ იარაღის ექსპორტს, რომლის გამოყენებაც ისრაელს ღაზას სექტორში შეუძლია.
მისი თქმით, ისრაელის ქმედებები ოპერაციის თავდაპირველი მიზნების მიღწევას ართულებს.
„ამ ვითარებაში, გერმანიის მთავრობა შემდგომ შეტყობინებამდე არ დაამტკიცებს სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა, ღაზას სექტორში გამოიყენებოდეს“, - განაცხადა მან.
მერცმა ასევე გაიმეორა გერმანიის მთავრობის უკვე გაცხადებული პოზიცია ისრაელის უფლებასთან დაკავშირებით, დაიცვას თავი „ჰამასისგან“.
„მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჩვენი პრიორიტეტია. „ჰამასის“ განიარაღება აუცილებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
თუმცა, მისი თქმით, „ისრაელის არმიის მიერ კიდევ უფრო მკაცრი სამხედრო ქმედებების“ გამოცხადება სულ უფრო ბუნდოვანს ხდის, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა.
„გერმანიის მთავრობა კვლავ ღრმად შეშფოთებულია ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ხანგრძლივი ტანჯვით. დაგეგმილი შეტევის გათვალისწინებით, ისრაელის მთავრობას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ადრე, უზრუნველყოს მოსახლეობა იმით, რაც მას სჭირდება“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.