მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირლანდია რუსეთს მოუწოდებს, დაგეგმილ საზღვაო წვრთნებზე უარი თქვას, რადგან მასში საბოტაჟის საფრთხეს ხედავს

რუსეთის საზღვაო წვრთნები

ირლანდიის მთავრობამ რუსეთს მოუწოდა, რომ თებერვლის დასაწყისში დაგეგმილ საზღვაო წვრთნებზე უარის თქვას. 

ირლანდიის ვიცე-პრემიერის ლეო ვარადკარის განცხადებით, მათი საზღვრიდან 240 კილომეტრში დაგეგმილი რუსული საზღვაო წვრთნები საბოტაჟის საფრთხეს წარმოადგენს. 

Politico-ს თანახმად, ზოგიერთი კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ექსპერტი შიშობს, რომ რუსული წვრთნები სინამდვილეში შესაძლოა, ამერიკა-ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანებისთვის გაიმართოს. 

ანალიტიკოს ტომ კლონანის თქმით, ირლანდიის საზღვაო ფლოტი მხოლოდ ცხრა გემისგან შედგება და ჰიდროლოკატორი ან სამხედრო რადარი არ გააჩნია, რაც რუსეთის თავისუფლად მანევრირებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. 

თავის მხრივ, ირლანდიის ვიცე-პრემიერს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ წვრთნების დროისა და ადგილის არჩევა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან დაპირისპირებაში ძალის დემონსტრირების მცდელობა იყოს.

„არგუმენტი, რომელიც რუსებს შეუძლიათ თქვან, არის ის, რომ ისინი ყოველწლიურად ატარებენ ამ წვრთნებს საერთაშორისო წყლებში და ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული მზარდი დაძაბულობის დროს, ვფიქრობთ, რომ მათ წვრთნები უნდა გააუქმონ. ეს გამოავლენს რუსეთის კეთილ ნებას, რომ მათ ნამდვილად სურთ დაძაბულობის განმუხტვა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ნატოს ქვეყნები უკვე რამდენიმე წელია მიუთითებენ არსებულ საფრთხეზე, კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, რუსულმა წყალქვეშა ნავებმა შესაძლოა, ტრანსატლანტიკური სატელეკომუნიკაციო კაბელები დააზიანონ.

აღნიშნული კაბელები კონტინენტებს შორის მონაცემთა ელექტრონული გადაცემის 97%-ს შეადგენს და ამ საკომუნიკაციო ხაზების დაზიანებამ შესაძლოა, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს. 

2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში წყალქვეშა ნავებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების ექსპორტი აკრძალა, რადგან, მათი აზრით, რუსეთი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე წვდომისა და დაზიანების შესაძლებლობის განვითარებას ცდილობს.