მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ჯეი დი ვენსი: ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ, საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოების დასაცავად

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ თემაზე ევროპას მოუწევს დაფიქრება“.

„ეს არაა აშშ-ის ტვირთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მკვლელობების შეჩერებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნამდვილად, ელოდება - ევროპამ აიღოს საკუთარ თავზე უკრაინის უსაფრთხოების დაცვა. აშშ მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებებს მანამ, სანამ არ გავიგებთ, თუ რა დასჭირდება ომის დასრულებას“, - განაცხადა ვენსმა ინტერვიუს მიმდინარეობისას.

როგორც ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს და როგორც არ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, ევროპამ „ლომის წილი უნდა იტვირთოს საკუთარი კონტინენტის დასაცავად“. „ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა“, - დასძინა ვენსმა.

მისი თქმით, ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია ჩიხის გარღვევა, რისი გაკეთებაც მათი გუნდებისთვის შეუძლებელია, თუმცა ამისთვის ორი საკითხია მოსაგვარებელი.

„პირველი - უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას გარანტირებულად აღარ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მომავალში ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა. რუსებს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი სურთ, განსაკუთრებით იმის, რაც უკვე, დაპყრობილი აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც ის თემაა, რომლის დროსაც მოლაპარაკებებია საჭირო“, - თქვა ვენსმა და დასძინა, რომ „უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეთ, რუსეთს კი - ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“.