აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი იალტის ევროპული სტრატეგიის 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც რუსეთ/უკრაინის ურთიერთობაზეც ისაუბრა და მათი სამხედრო ძალები შეაფასა.
კელოგის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და მას „არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს, როგორადაც გვაცნობს“. „უკრაინას რუსეთთან შედარებით, მორალური უპირატესობა აქვს“, - ირწმუნება სპეციალური წარმომადგენელი.
„უკრაინელები უპილოტო აპარატების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ და მნიშვნელოვნად გაუსწრეს შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნავს კელოგი.
ამის მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიპლომატიურ სტრატეგიას შეუძლია ომის დასრულება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჰყავს ძლიერი არმია, ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც თავად რუსები გვარწმუნებენ. უკრაინელებმა უკვე მოახერხეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის მნიშვნელოვნად შემცირება და შესაბამისად, უკრაინის დამარცხებაზე საუბარი აღარ არის. პრეზიდენტ ტრამპს ერთი ერთზე დიპლომატიის სჯერა. მაშინაც კი, თუ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ, მათთან უნდა ისაუბროთ და ერთმანეთის გაგების გზა იპოვოთ. შეიძლება, ეს არ მოგეწონოთ, მაგრამ მცდელობაზე უარი არ უნდა თქვათ“, – განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.