მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლინდსი გრემი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რუსეთსა და უკრაინას ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ

ლინდსი გრეჰემი

სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად, გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ, რითაც დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა, მიწების გაცვლის შესახებ. ამის თაობაზე მან NBC News-თან ისაუბრა. 

„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან, უკრაინა თითოეული რუსის გამოსახლებას არ აპირებს და არც რუსეთი მიდის კიევში, ამიტომ საბოლოოდ, მიწების გაცვლა მოხდება“, - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა. 

მოგეხსენებათ, იდეა მიუღებელია უკრაინის პრეზიდენტისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ ამბობს, რომ „საკუთარ მიწას რუსეთს არ გადასცემს“. მისი კომენტარი პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან აღნიშნა, რომ „ტერიტორიების გარკვეული გაცვლა მოხდება, ორივე მხარის საკეთილდღეოდ“. 

სენატორ გრემის თქმით, მიწების გაცვლა მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, „როდესაც უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ რუსეთმა ეს მომავალში, ხელახლა არ სცადოს“.

„თქვენ უნდა უთხრათ პუტინს, რა მოხდება, თუ ის ამას მესამედ იზამს“, - განაცხადა გრემმა 2014 წლის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ. 

ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა კითხვა მოსალოდნელ ალასკის სამიტთან დაკავშირებითაც დასვა, რაზეც სენატორმა უპასუხა, რომ „დონალდ ტრამპი ძალიან კმაყოფილია“ და ცდილობს, პროცესში ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩართოს. 

„ომის დასრულება საუბრის გარეშე წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების ნაწილი იქნება, ამას უკვე „თეთრ სახლს“ მივანდობ“, - აღნიშნა მან.