მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მიუნხენის აეროპორტი უცნობი დრონების გამო მეორედ დაიხურა

მიუნხენის აეროპორტი

გერმანიაში მიუნხენის აეროპორტი 3 ოქტომბრის საღამოს ამ კვირაში უკვე მეორედ დაიხურა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო. ინფორმაციას Reuters-ი და Bild-ი ავრცელებენ. 

ფედერალურმა პოლიციამ გასულ ღამეს დრონის დანახვის ორი ფაქტი დაადასტურა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტმაც დაადასტურა.

„3 ოქტომბრის საღამოს გერმანიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურმა შეზღუდა და შეაჩერა ფრენები მიუნხენის აეროპორტში შემდგომ შეტყობინებამდე, უსაფრთხოების მიზნით, დრონების აქტივობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობების გამო“, - ნათქვამია მიუნხენის აეროპორტის განცხადებაში.

მიუნხენში ფედერალური პოლიციის ოფისის წარმომადგენელმა თომას ბოროვიკმა დაადასტურა ინფორმაცია: „უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო მოძრაობის კონტროლმა ფრენები [ადგილობრივი დროით] 21:28 საათზე შეაჩერა. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 23:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე ფედერალური პოლიციის ორი საპატრულო ჯგუფი ერთდროულად აკვირდებოდა ერთ დრონს ორ სხვადასხვა ადგილას.

„ერთი დრონი ერთდროულად შენიშნეს როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ასაფრენ ბილიკებზე. დაკვირვების დროს დრონები მაშინვე შებრუნდნენ და გაუჩინარდნენ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ინციდენტის გამო, მიუნხენში 23 რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, ხოლო 12 რეისი გაუქმდა. კიდევ 46 რეისი გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა, ისინი გაუქმდა, ან გადაიდო 4 ოქტომბრისთვის.

აეროპორტის ცნობით, ინციდენტის გამო 4 ოქტომბრის დილის რეისებიც გადაიდო. მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში ჩასვლამდე რეისის მიმდინარე სტატუსი ავიაკომპანიასთან შეამოწმონ.

4 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, რეგისტრაცია გარკვეული რეისებისთვის უკვე მიმდინარეობს. ასევე, ზოგიერთი თვითმფრინავი უკვე მიუნხენში დაეშვა.

ამავდროულად, რამდენიმე ფრენა კვლავ გაუქმებულია. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო 2 ოქტომბრის ღამეს დროებით დაიხურა.