მიუნხენის აეროპორტმა, რომელიც გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია, ფრენები განაახლა მას შემდეგ, რაც უცნობი დრონების დაფიქსირების გამო 2 ოქტომბრის ღამეს მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ მიუნხენის აეროპორტიდან რეისები დღეს, 3 ოქტომბერს, დილით აღდგა.
ფრენების განახლებას Flightradar24-ის მონაცემებიც ადასტურებს.
აეროპორტის მმართველი კომპანიის ცნობით, იძულებითი შეჩერების შედეგად დაახლოებით 3000 მგზავრი დაზარალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის აეროპორტმა 2 ოქტომბრის გვიან ღამით ფუნქციონირება შეაჩერა უცნობი დრონის, ან დრონების გამო.
ფედერალური პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა ღამით აეროპორტის მახლობლად დრონის დაფიქსირების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით აეროპორტის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი შენიშნეს. გაურკვეველია, ერთი დრონი იყო, თუ რამდენიმე.
შტატის და ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია გაჩხრიკეს და მფრინავი ობიექტები და საეჭვო პირები ეძებეს, თუმცა უშედეგოდ.