მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რატომ მაინცდამაინც, ალასკა? - პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილს მსოფლიო მედია განიხილავს

პუტინი და ტრამპი

რატომ შეხვდებიან პუტინი და ტრამპი ალასკაში? - The Times-მა მთავარი მიზეზები დაასახელა.

როგორც ცნობილია, ორივე ლიდერს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს შეხვედრის ადგილი, თუმცა „როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკა კრემლის ლიდერთან შეხვედრის ადგილად დაასახელა, ამ უზარმაზარი შტატის გუბერნატორი მაიკ დანლივი ყველაზე კმაყოფილი იყო“, - წერს The Times. 

„ალასკა მსოფლიოში ყველაზე სტრატეგიული ადგილია: ის ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩრდილოეთით არქტიკა აკრავს და სამხრეთით - წყნარი ოკეანე. რუსეთს ალასკისგან მხოლოდ, 3.2 კილომეტრი აშორებს - არცერთი სხვა ადგილი არ თამაშობს ასეთ სასიცოცხლო როლს ჩვენს ეროვნულ თავდაცვაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და არქტიკულ ლიდერობაში“, - აღნიშნა დანლივიმ.

რატომ აწყობს ვლადიმერ პუტინს ალასკა?

სხვა განხილული ადგილებისგან განსხვავებით, ამერიკის მიწაზე სამიტი პუტინს კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: ის არ რისკავს დაპატიმრებით. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, კრემლის ლიდერს სხვა ტერიტორიებზე დაპატიმრების რისკი აქვს, აშშ კი არ ცნობს ამ ორგანოს იურისდიქციას ჰააგაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ალასკაზე ოდესღაც რუსული მიწა იყო - ან, სულ მცირე, „რუსეთის იმპერიის მყიფე მოწინავე პოსტი“. 

მედიაში იწერება, რომ რადგან მომავალ სამიტზე სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს შორის „ტერიტორიების გაცვლა“ იქნება განხილული, პუტინს ექნება მიზეზი, გაიხსენოს მისი შორეული წინამორბედის, იმპერატორ ალექსანდრე II-ის გადაწყვეტილება, 1867 წელს ალასკა ამერიკისთვის 7,2 მილიონ დოლარად - აკრზე ორ ცენტად მიეყიდა. 

„უძველესი დროიდან მოყოლებული, მეტოქე იმპერატორებს, მეფეებსა და გენერლებს შორის შეხვედრის ადგილმდებარეობის არჩევას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტებს და საბჭოთა, შემდგომში კი - რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრებს“, - ხაზს უსვამს The Times-ის ჟურნალისტი.

რა უპირატესობა აქვს ტრამპს?

ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ პუტინი აშშ-ში მიემგზავრება და არა - პირიქით. მას ასევე, ჰქონდა პრივილეგია, რომ პირველს გამოეცხადებინა შეხვედრის შესახებ. 

კრემლმა მალევე დაადასტურა სამიტი, ალასკას „საკმაოდ ლოგიკური“ ადგილი უწოდა და ტრამპი რუსეთში საპასუხო შეხვედრაზე მიიწვია. იქ რუსული მხარის თქმით, ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ეკონომიკური თანამშრომლობა სასაზღვრო რეგიონებში.