მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის გავლენა ბოსნიაში: როგორ რეაგირებს სარაევო - DW

პლაკატი სარაევოში

უკრაინის ომმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინის პოლიტიკურ ელიტაში განხეთქილება გაზარდა, რაც არ აძლევს ქვეყანას რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების საშუალებას, - აცხადებენ ექსპერტები. ამის შესახებ Deutche Welle სტატიას ავრცელებს. 

👉 რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? – BBC

უჩვეულოდ მწვავე პოლემიკამ სარაევოს მერს, ბენიამინა კარიჩსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის საელჩოს შორის ბრიუსელში ბოლოდროინდელი ხელმოწერილი შეთანხმების გამო ბოსნიასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შესახებ, ბალკანეთში კრემლის გავლენის პრობლემის მიმართ ყურადღება კვლავ მიიპყრო.

„თქვენ, პუტინის რუსეთო, ხართ ტერორის, დისკრიმინაციის, სიმართლის დათრგუნვისა და სიცრუის გავრცელების წამყვანი ძალა მსოფლიოში“, - წერს კარიჩი სოციალურ ქსელში რუსეთის საელჩოს პრეტენზიების საპასუხოდ, რომელმაც დაგმო სარაევოს გადაწყვეტილება კიევთან მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ.

კარიჩმა განმარტა, რომ მას არ აქვს პრეტენზია რუსულ კულტურასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ, რომელმაც 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუცია სრებრენიცაში გენოციდის შესახებ, „მორალი წაიკითხოს და სხვებს ჭკუა ასწავლოს“.

განხეთქილება პოლიტიკურ ელიტაში

ბოსნია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პოლიტიკურ ელიტაში ყოველთვის განხეთქილებაა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის პოლიტიკასა და გავლენას. ეს დიდწილად განპირობებულია ქვეყნის სპეციფიკური ომის შემდგომი სტრუქტურით, რომელიც ფაქტობრივად ორ ნაწილად არის დაყოფილი - რესპუბლიკა სერბსკა (ტერიტორიის 49%) და ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია (51%). 1995 წელს დეიტონის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აქ ხელისუფლების რთული სისტემა შეიქმნა, რომელიც  მოსახლეობის სამი ძირითადი ჯგუფის - ბოსნიელი მუსლიმების (ბოსნაკების), სერბების და ხორვატების ინტერესებს ითვალისწინებს.

მუსულმანებით დასახლებული სარაევო, სადაც ცენტრალური ხელისუფლება მდებარეობს, მოსკოვთან ურთიერთობაში დისტანციას ინარჩუნებს. თავის მხრივ, რესპუბლიკა სერბსკა მიესალმება რუს სტუმრებს (მათ შორის ბოლო წლებში იქ სერგეი ლავროვი და ვალენტინა მატვიენკო იმყოფებოდნენ) და მხარს უჭერს კრემლის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის ყირიმის ანექსიას და უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“.

რუსეთსა და ბოსნიას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 115 მილიონი ევროა, ხოლო ბოსნიის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 2021 წელს დაახლოებით 54 მილიონი ევრო შეადგინა (ევროკავშირის ქვეყნებში - 5 მილიარდი ევრო). რუსული ინვესტიციები 234 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 3%-ზე ნაკლებია. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების თითქმის მთელი მოცულობა - 232 მილიონი ევრო -  სერბსკას რესპუბლიკაზე მოდის, ხოლო ქვეყნის მეორე ნაწილთან - ბოსნიის ფედერაციასთან - არანაირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები არ ყოფილა. მოსკოვი დიდწილად აკონტროლებს სერბსკას რესპუბლიკის ენერგეტიკულ სექტორს, იქ ეწევიან საქმიანობას „გაზპრომ ნეფტი“ და „ზარუბეჟნეფტი“.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ბოსნია და ჰერცეგოვინამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ეს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა ქვეყნის სერბული ნაწილის უარის გამო. რესპუბლიკა სერბსკა კვლავ მზადაა განავითაროს კავშირები მოსკოვთან, უკრაინის ომის საკითხში კი ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს. სექტემბერში პრიედორში გაიმართა ბიზნესფორუმი რუსი მეწარმეების მონაწილეობით.

ომი წარსულში და აწმყოში

ბოსნიელ სერბებს დიდი ხნის სიმპათიები გააჩნიათ მოსკოვის მიმართ.

„რუსეთმა აღიარა ბოსნიის დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში, მაგრამ მალევე, როდესაც გაირკვა, რომ კონფლიქტი სულ უფრო მწვავდებოდა, მოსკოვმა მხარი დაუჭირა რადოვან კარაჯიჩის პოლიტიკას (სერბსკა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1992-1996 წლებში, გენოციდში დამნაშავედ ცნო ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა, მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.). ამავდროულად, რუსული იარაღი 1990-იან წლებში კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარეს მიეწოდებოდა", - იხსენებს სარაევოელი ექსპერტი  ჟელიკო ბაიჩი.

უკრაინის ომმა, მისი აზრით, მხოლოდ გააღრმავა განხეთქილება საზოგადოებაში და ელიტებში:

„რესპუბლიკა სერბსკამ მხარი დაუჭირა „სპეციალურ ოპერაციას“, ადგილობრივი მედია კი პრორუსულ პროპაგანდას ეწევა. ბოსნიის ფედერაცია კი  გმობს აგრესიას.  ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინის საზღვრამდე ათას კილომეტრზე ნაკლებია“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „დღეს უკრაინა, ხვალ ბოსნია და ჰერცეგოვინა“, – ამბობს ბაიჩი.

უკრაინის კონფლიქტის უარყოფითი ზემოქმედების თვიდან ასაცილებლად, დასავლეთის ქვეყნებმა ბოლო თვეების განმავლობაში ბოსნიაში გაგზავნეს თავდაცვისა და კონტრდეზინფორმაციის ექსპერტები და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი EUFOR-ის სამშვიდობო მისიის გასაძლიერებლად.

დოდიკის მეგობრობა პუტინთან

„რესპუბლიკა სერბსკას პრეზიდენტი, მილორად დოდიკი არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობით იამაყოს, ხშირად ავლებს პარალელებს სერბსკა რესპუბლიკის „უსამართლო სტატუსსა“ და რუსეთზე დასავლეთის ზეწოლას შორის “, - განაგრძობს ბაიჩი.

მისი თქმით, დოდიკი, ასევე, სარგებლობს იმით, რომ რუსეთი თითქმის ყოველთვის იკავებს დასავლეთის ქვეყნების საპირისპირო პოზიციას მშვიდობის განხორციელების საბჭოში, სადაც ბოსნიელი სერბების ლიდერს, როგორც წესი, სეპარატისტული რიტორიკის გამო აკრიტიკებენ.

დოდიკი წელს უკვე ორჯერ შეხვდა პუტინს - სექტემბერში, ბოსნიის არჩევნებამდე და ივნისში, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. 2014 წლიდან ორი ლიდერი ერთმანეთს სულ მცირე 10-ჯერ შეხვდა, ​​ყოველი შეხვედრის შემდეგ დოდიკი მოსკოვს მხარდაჭერას უცხადებდა.

ასე მაგალითად, 2016 წელს მან განაცხადა, რომ კრემლმა მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას 9 იანვარს რესპუბლიკა სერბსკას დღის აღსანიშნავად რეფერენდუმის ჩატარების შესახებ (მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვისა და აშშ-სა და ევროკავშირის უკმაყოფილებისა). მოსკოვში ეს ინფორმაცია არ უარყვეს.

ბოლო წლების ინციდენტები

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის პატივს სცემს ბოსნია და ჰერცეგოვინას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ამავე დროს, დამკვირვებლების თქმით, მოსკოვი ამართლებს დოდიკის სეპარატისტულ მოწოდებებს. მათ შორისაა დოდიკის შარშანდელი გადაწყვეტილება ბოსნიის ცენტრალური ხელისუფლებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ და მისი მუქარა ერთიანი არმიის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.

„დეიტონის შეთანხმება არ ითვალისწინებს საერთო შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა სარაევოში იგორ კალაბუხოვმა. 

ბოსნიაში, თავისი სუსტი ცენტრალური მმართველობით, მოსკოვს ხშირად ადანაშაულებენ განხეთქილების პროვოცირებაში და ქვეყნის გახლეჩის მცდელობაში. ბოლო წლებში რამდენიმე გახმაურებული ინციდენტი მოხდა, რომელიც რუსეთის პოლიტიკას  და გავლენებს უკავშირდება. 2020 წელს, ანუ დეიტონის შეთანხმების 25 წლისთავზე, რომლის ერთ-ერთი გარანტი რუსეთია, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი ფაქტობრივად ჩაიშალა. ის სარაევოში არ მიიღეს ქვეყნის მთავარ მმართველ ორგანოში - ბოსნია და ჰერცეგოვინას პრეზიდიუმში. პრეზიდიუმის სამი წევრიდან ორმა, რომლებიც წარმოადგენენ ხორვატიულ და მუსულმანურ თემებს, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და ლავროვი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.

შემოდგომაზე ბოსნიის საფეხბურთო კავშირმა, რომელსაც დოდიკის ძმისშვილი ვიკო ზელკოვიჩი ხელმძღვანელობს, გამოაცხადა, რომ გეგმავს ამხანაგური მატჩის ჩატარებას რუსეთთან, რომლის მონაწილეობა ყველა საერთაშორისო ასპარეზობაში შეჩერებულია. ბოსნია შეიძლებოდა გამხდარიყო  ევროპის პირველი ნაკრები, რომელიც რუსებთან ითამაშებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ წამყვანი ბოსნიელი ფეხბურთელების პროტესტის შემდეგ მატჩი გაუქმდა.

დეზინფექციის სირთულეები

კიდევ ერთი გახმაურებული ამბავი უკავშირდება ბოსნიაში რუსი ექიმების ხუთი სამხედრო მანქანით შესვლაზე ბოსნიის ხელისუფლების უარს. ეს ექიმები პანდემიის დროს მუსლიმებითა და ხორვატებით დასახლებულ მოსტარში მიემართებოდნენ. ეს ექიმები 2020 წლის გაზაფხულზე  ადგილობრივი საავადმყოფოს კორონავირუსისგან დეზინფექციას გეგმავდნენ.

სარაევოში, სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კონსულტაციების შემდეგ, ჩათვალეს, რომ რუსი სპეციალისტების იქ ჩასვლის არანაირი აუცილებლობა არ იყო და მოსკოვი კვლავ ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას.

სტრატეგიის გარეშე

სარაევოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა სეად ტურჩალომ DW-ს განუცხადა, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსული გავლენა გაძლიერდა და ის უარყოფითი გახდა“.

მისი თქმით, ამ გავლენის მიზანია ბოსნიის და ჰერცეგოვინის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნების - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ჩაშლა, ასევე დოდიკის პოლიტიკის მხარდაჭერა.

„რუსეთი, როგორც დეფექტური დემოკრატიის ქვეყანა, სერბსკას რესპუბლიკის სეპარატისტულ პოლიტიკას მხარს უჭერს, და ამას დეიტონის შეთანხმების დაცვის სურვილით და სერბების უფლებებით ამართლებს“, - განმარტავს ტურჩალო.

„გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს მემარჯვენე რადიკალ ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ ისტორიულ რევიზიონიზმს, ეთაყვანებიან ომის დამნაშავეებს და უარყოფენ გენოციდს სრებრენიცაში. ეს კი ქვეყანაში დესტაბილიზაციას იწვევს. იგივე ჯგუფები ხელს უწყობენ ანტიდასავლური ნარატივების გაძლიერებას, რაც დესტაბილიზაციის დამატებით ელემენტს წარმოადგენს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ტურჩალოს თქმით, რუსეთის ნეგატიურ გავლენას ბოსნიაში მხოლოდ „პატარა ანალიტიკური და კვლევითი საზოგადოება ეწინააღმდეგება. ქვეყანაში ამ პრობლემისადმი სტრატეგიული მიდგომა არ არსებობს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 რუსეთის 74 რეგიონში ღორის გრიპი გამოვლინდა

🔴 უპრეცედენტო გარე ზეწოლის პირობებში საზოგადოება კონსოლიდირებულია - კრემლი

🔴 „საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო“ - მაია ბუწაშვილის რეკომენდაცია ვირუსულ ინფექციებზე

🔴 რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი? ისე ახალი წელი არ მოვა? - ალეკო ელისაშვილი

🔴 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერად არჩევის შემთხვევაში ლორდთა პალატას გააუქმებს