მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? – BBC

ტანკი ისვრის უკრაინაში

დონბასის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილია. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია სასტიკი ბრძოლებისა და ორივე მხრიდან მძიმე დანაკარგების შესახებ.  ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ფრონტის სხვა მიმართულებებზე შედარებითი სიმშვიდის ფონზე, რომელიც დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ დამკვიდრდა. რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? ამაზე სტატიას BBC  ავრცელებს. 

👉 რუსეთის გავლენა ბოსნიაში: როგორ რეაგირებს სარაევო - DW

„ბახმუტის სამხრეთით, რუსულმა ძალებმა ოზარიანოვკას და ანდრეევკას შეუტიეს. ისინი ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონის ორად გაჭრას კურდიუმოვკაში და ამ ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის ხელში ჩაგდებას,” - წერს რუსი სამხედრო კორესპონდენტი სემიონ პეგოვი.

ის, რომ რუსული ძალები ახლოს არიან არტემოვსკისთან, რომელიც  ბახმუტის შემოგარენია, ასევე, ორშაბათს განაცხადა თვითგამოცხადებული „დონეცკის რესპუბლიკის“ ლიდერმა დენის პუშილინმა.

უკრაინული წყაროები, ასევე, წერენ ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლების შესახებ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ყველა შეტევის მოგერიება მოხერხდა.

„ბახმუტთან, ყველაფერი გავსებულია მტრის ცხედრებით, ოკუპანტები აგრძელებენ შტურმის მცდელობებს, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მობილიზებულებს და მსჯავრდებულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საზარბაზნე ხორცად უშვებს“, - იტყობინება გამოცემა UNIAN.

რა ხდება ბახმუტის რაიონში? რატომ ცდილობს რუსული არმია აუცილებლად ამ ქალაქის აღებას? დიდი დანაკარგების მიუხედავად, რატომ არ ამბობს უარს პირდაპირი შეტევების ტაქტიკაზე ძლიერ გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებზე?

სიტუაცია ბახმუტის რაიონში

ბახმუტი არის საშუალო სიდიდის  ქალაქი დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. მასზე გადის გზები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის, სევერსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის, კონსტანტინოვკას, გორლოვკასა და ლუგანსკისკენ. ის გახდა ფრონტის ხაზი 2022 წლის მაისში, როდესაც უკრაინელმა ჯარებმა პოპასნიდან უკან დაიხიეს, ხოლო რუსეთის ჯარებმა სლოვიანსკის და კრამატორსკის აღებას შეეცადნენ.

პარალელურად დაიწყო ბახმუტის რეგულარული დაბომბვა. ქალაქის 70000 მოსახლიდან უდიდესმა ნაწილმა დასახლება დატოვა. იქ ახლა მხოლოდ მოხუცები რჩებიან. ქალაქში წყალი და დენი არ არის, დანგრეულია მრავალი შენობა.

ბახმუტის ქუჩები

ზაფხულის დასაწყისში რუსულმა არმიამ მოახერხა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება, მაგრამ ბახმუტის მისადგომებთან შეტევა გაჩერდა - თავდაცვითი ხაზები ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ არტილერიაში მრავალჯერადი უპირატესობის მიუხედავად რუსული არმია წინ ვერ მიიწევდა.

ახლა ფრონტზე ვითარება შეიცვალა - რუსებმა იზიუმი დატოვეს, ახლა თავდაცვითი ხაზი სვატოვო-კრემენნაიაზე გადის. ხარკოვის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე, უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს, სლავიანსკსა და კრამატორსკს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, რუსეთის შეტევები ბახმუტზე არ წყდება და ბოლო კვირებში გაძლიერდა კიდეც.

რუსული წყაროები იუწყებიან რუსული ჯარის წარმატებებზე ბახმუტის მიმართულებით, კერძოდ, მათი ინფორმაციით, ქალაქიდან სამხრეთით რუსულმა ძალებმა რამდენიმე სოფელი აიღეს. ზოგიერთი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ფრონტის გარღვევასა და ბახმუტში უკრაინული ჯგუფის გარდაუვალ ალყაზეც კი საუბრობს.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი აზვიადებს თავის მიღწევებს - ბახმუტის გარდაუვალ ალყაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ჯარებმა მოახერხეს ბახმუტის სამხრეთით დასახლებული პუნქტების გაკონტროლება, ეს არ ემუქრება გზებს სევერსკისა და კონსტანტინოვკისკენ, რომლებიც უკრაინის მთავარ სახმელეთო მარშრუტებს წარმოადგენენ - წერს ISW.

იმის გამო, რომ ბახმუტის სამხრეთით უკრაინის თავდაცვითი პოზიციების გარღვევის რისკი არსებობს,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაისროლეს.

რატომ ცდილობს რუსული არმია ასე დაჟინებით ბახმუტის აღებას?

რუსული სამხედრო-პოლიტიკური მანქანის მოტივაცია შეიძლება განსხვავებული იყოს. პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და პროპაგანდისტულ მედიას სჭირდება დადებითი საინფორმაციო სურათი. რუსეთის ჯარებმა დიდი ხანია ვერ მიაღწიეს წარმატებას უკრაინის ფრონტზე, დამარცხებების და უკან დახევის სერია იწვევს სასოწარკვეთილებას და უიმედობას როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე, ზურგში. ბახმუტის აღებამ შეიძლება აამაღლოს მოტივაცია მათ შორის, ვინც ომის გაგრძელების მომხრეა.

👉 რა არის HIMARS? – გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის?

რუსეთის სამხედრო სარდლობისთვის ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუ ის ქალაქს აიღებს, მაშინ საფრთხე დაემუქრება იმ უკრაინული ქვედანაყოფების მომარაგებას, რომლებიც დგანან კრემენნაიას მიდამოებში და გეგმავენ შეტევას ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე. გარდა ამისა, ბახმუტის აღება რუსულ ჯარებს მანევრირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულები იქნებიან ენერგია დახარჯონ ახალი თავდაცვითი ხაზების მოწყობაზე - და ეს არ არის ადვილი ამოცანა ზამთრის პირობებში.

ასევე, არსებობს რუსეთის სარდლობის სურვილი, შეინარჩუნოს ინიციატივა ფრონტის ამ სექტორში და არ დაუშვას უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა სხვა მიმართულებით ზაპოროჟიეს სამხრეთით და ჩრდილოეთით, ასევე ლუგანსკის რეგიონში.

ოფიცრებისთვის და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობენ, ბახმუტის რაიონში, ქალაქის აღების პერსპექტივა ნიშნავს შუალედურ შედეგს, გარკვეულ პაუზას ბრძოლაში. სხვებს იმედი აქვთ, რომ წარმატებული ოპერაციისთვის დააწინაურებენ და სახლში დაბრუნებას შეძლებს. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ რეზერვში გადაიყვანენ კონტრაქტის დასრულების ან ჭრილობის გამო.

ამ ყველაფრის გარდა, რუსების მიერ ბახმუტის ხელში ჩაგდების სურვილში შესაძლოა პრაქტიკული  მიზეზიც იყოს - ქალაქში, თუნდაც დანგრეულში, ზამთრის გატარება უკეთესია, ვიდრე სანგრებში.

იცვლება თუ არა ბახმუტის მიმართულებით ბრძოლების ხასიათი?

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის  დაწყებისას, დაპირისპირებულ მხარეებს ძლიერი სიმაგრეები და საიმედო მომარაგების მარშრუტები ჰქონდათ. დონბასში დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ სერიოზული ზღუდეები არსებობდა, რომლებიც  2014 წლის კონფლიქტის შემდეგ იყო აგებული. ორივე მხრიდან კარგად გაწვრთნილი, საბრძოლო გამოცდილების მქონე ქვედანაყოფები იდგნენ.

რუსეთის არმიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ახორციელებს ფრონტალურ შეტევებს უკრაინის გამაგრებულ ტერიტორიებზე, რაც იწვევს თავდამსხმელებს დიდ ზარალს.

„ბახმუტის ხელში ჩაგდების მცდელობები ცხადყოფს, რომ რუს სამხედროებს არანაირი გაკვეთილი არ გამოუტანიათ წინა კამპანიებიდან, როდესაც დონბასში შეზღუდული მნიშვნელობის ოპერატიულ ან სტრატეგიულ პოზიციებზე კონტროლი მძიმე დანაკარგების ფასად დამყარდა“, - წერს ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

„რუსების მცდელობა ბახმუტს ფრონტალური შტურმისკენ, სრული სიგიჟეა. გუშინ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია 25-30 დაღუპული რუსი სამხედრო ბახმუტის გარეუბანში. მათ რომც მოახერხონ ფეხის მოკიდება ბახმუტის გარეუბანში, წარმოიდგინეთ ამ სამხედროების მომარაგების მდგომარეობა: ისინი სანგრებში არიან ყოველგვარი მექანიზებული მხარდაჭერის და მძიმე შეიარაღების გარეშე“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი დეფ მონი.

მაგრამ ბახმუტის მიმართულებით რუსული ჯარების მოქმედებებში ცვლილებებიც შესამჩნევია.

უკრაინის მხრიდან ბრძოლების მონაწილეები ამბობენ, რომ ბახმუტთან ახლოს რუსებმა დაიწყეს უწყვეტი შეტევების ტაქტიკის გამოყენება მცირე, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფებით, ხოლო მაღალი დანაკარგები რუსეთის სარდლობას არ აღელვებს.

ამავდროულად, რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ რუსეთის საარტილერიო ქვედანაყოფებმა საგრძნობლად შეამცირეს დრო მიზნის აღმოჩენიდან ცეცხლის გახსნამდე.

„ახლა სპეცდანიშნულების რაზმები სამიზნეების კოორდინატებს პირდაპირ ბატარეაზე გადასცემენ. და არტილერია მათ ორ წუთში ურტყამს. შემდეგ ხდება ონლაინ კორექტირება. ანუ, მოხსენებების ყველა შუალედური ეტაპი ამოგდებულია. თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა“, - წერს სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი.

რუსეთის არმიას საარტილერიო ნაწილების რაოდენობით ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აფასებს ბახმუტთან არტილერიის თანაფარდობას, როგორც ერთი ცხრასთან რუსული არმიის სასარგებლოდ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ უპირატესობის განეიტრალება შეძლეს სროლის მაღალი სიზუსტის წყალობით - ეს ბევრწილად დიდი რაოდენობით სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შედეგად გახდა შესაძლებელი.

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის პირველ ეტაპზე რუსული არმია უპილოტო საფრენი აპარატების სერიოზულ ნაკლებობას განიცდიდა. ბახმუტის მახლობლად, პრიგოჟინის „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რუსული კოლონიებიდან წამოყვანილ პატიმრებს აქტიურად იყენებენ. შესაძლოა, რომ მათ ასე ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცები გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პუნქტების ადგილმდებარეობის დასადგენად, რათა შემდეგ მათზე საარტილერიო ცეცხლი გახსნან.

თუ ასეა, მაშინ უკრაინულმა ძალებმა ალბათ მოქმედების ტაქტიკა უნდა შეცვალონ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ახალი ცივი ომი“ - ერდოღანის პრესსპიკერმა რუსეთსა და დასავლეთს ახალი შეთანხმებისკენ მოუწოდა

👉„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, 6 ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“ - ISW

👉 „ეს ომი არ დასრულდება დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით, პუტინის რუსული მისია ჩაიშლება“ - ოლაფ შოლცი

👉 მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია - ჯიმ რიში

👉 დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე