იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებია დაწესებული და ქვეყანამ სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა, მისმა ეროვნულმა ვალუტა რუბლმა დოლართან მიმართებით ახალ მაჩვენებელს მიაღწია და მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა.
სამი თვის შემდეგ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე რუბლის ღირებულება 1 ცენტზე ნაკლები გახდა, რუსეთის ვალუტამ განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია განიცადა. იანვრის შემდეგ რუბლი დოლართან მიმართებით 45%-ით გამყარდა.
ჩვეულებრივ, ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო სანქციები და დიდი სამხედრო კონფლიქტი აქვს, ინვესტორების გაქცევასა და კაპიტალის მუდმივ გადინებას თავიდან ვერ იცილებს ხოლმე, რაც მისი ვალუტის გაუფასურებას იწვევს, მაგრამ რუსეთის მიერ მიღებული ზომები და საწვავის ფასების ზრდა რუბლზე მოთხოვნის შექმნისთვის და მისი ღირებულების ამაღლებისთვის მუშაობს.
რუბლის გამძლეობა ნიშნავს, რომ რუსეთი ნაწილობრივ იგერიებს დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაცვა გაურკვეველია.
რუბლის აღდგენის მთავარი მიზეზი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების ფასების ზრდაა. მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, ნავთობისა და ბუნებრივი კიდევ უფრო გაიზარდა.
„ბუნებრივი რესურსების ფასები ამჟამად ზედმეტად მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ ემბარგოსა და სანქციების გამო რუსული ექსპორტის მოცულობა შემცირდა, საქონლის ფასების ზრდა უფრო მეტად ანაზღაურებს ამ ვარდნას“, - აცხადებს განვითარებადი ბაზრების წამყვანი ეკონომისტი ოქსფორდში ტატიანა ორლოვა.
რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტიდან თვეში თითქმის 20 მილიარდ დოლარს იღებს. მარტის ბოლოდან ბევრმა უცხოელმა მყიდველმა დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ მისი ფასი რუბლებში გადაიხადონ, რაც ვალუტის გამყარებას იწვევს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ასევე გააძლიერა რუბლი კაპიტალის მკაცრი კონტროლით, რაც ართულებს მის სხვა ვალუტაში გადაცვლას.
„ეს იყო რუსეთიდან ვალუტის გადინების საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო, ახლა კი ეს არხი დახურულია“, - აღნიშნა ორლოვამ.
იმავდროულად, რუს ექსპორტიორებს მოეთხოვებათ, რომ შემოსავლის ნახევარი რუბლებში გადააკონვერტირონ, რაც ვალუტაზე მოთხოვნას ქმნის. გარდა ამისა, ორლოვამ აღნიშნა, რომ უცხოური კომპანიებისთვის ძალიან რთულია რუსული ინვესტიციების გაყიდვა, რაც ქვეყნიდან კაპიტალის სრულად გასვლისთვის კიდევ ერთი დაბრკოლებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ განცხადებებს დასავლური კომპანიების მიერ რუსეთის დატოვების შესახებ, ხშირად მათ უბრალოდ უწევთ, რომ თავიანთი წილი ადგილობრივ პარტნიორებს გადასცენ. ეს რეალურად არ ნიშნავს, რომ ქვეყნიდან დიდი ოდენობით კაპიტალის გადინება ხდება“, - განაცხადა ორლოვამ.
რუბლის მატებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც გადადგა ნაბიჯები ვალუტის ისტორიულ დონეებთან დასაახლოებლად, მათ შორის შედიოდა კაპიტალის კონტროლის შემსუბუქება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
თუმცა, ძლიერი ვალუტა არ ნიშნავს, რომ რუსეთი იმუნურია ეკონომიკური ტკივილისგან. მიუხედავად იმისა, რომ რუბლის გამყარებამ და რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიძლიერემ დროებით შეაფერხა მისი ეკონომიკის დასუსტება, ექსპერტების თქმით, ეს ეფექტი, სავარაუდოდ, მოკლევადიანი იქნება.
რუსეთის ეკონომიკა ომის შედეგად კარგავს დაახლოებით 200 მილიონ დოლარს დღეში, ანუ 70 მილიარდ დოლარს ყოველწლიურად.
უფრო მეტიც, ევროპელმა ქვეყნებმა დადეს პირობა, რომ წელს შეამცირებენ რუსული გაზის იმპორტს ორი მესამედით, ეს კი პოტენციურად გამანადგურებელი დარტყმაა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის დამოკიდებულებას ენერგიის ექსპორტზე.
„ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმე წნეხის ქვეშ რჩება, არის ის, რომ ინფლაცია რუსეთში ორჯერ მეტია ვიდრე აშშ-ში. რუსეთიდან აქტივების გატანის ცდუნება გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფლაციის დონე ახლა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი ფრანკელმა.
ანალოგიურად, რუსეთის დეფოლტი არის კიდევ ერთი ნიშანი მისი მზარდი საერთაშორისო იზოლაციისა.
„რუსეთს ფული არ აკლია, მას აქვს მილიარდობით შემოსავალი ნავთობიდან და სხვა ბუნებრივი რესურსებიდან, მაგრამ სანქციებმა მას ვალის გადახდაში ხელი შეუშალა, რამაც დეფოლტი გამოიწვია“, - განაცხადა Thompson Reuters-ის განვითარებადი ბაზრების კორესპონდენტმა კარინ სტროჰეკერმა.
რუსეთისთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი არის ის, რომ იმპორტის შეწყვეტამ შესაძლოა სამრეწველო დეფიციტი გამოიწვიოს, ხოლო უცხოური ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელია, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა წელს 15%-ით შემცირდება.
მასალა მომზადებულია CBSNEWS-ის მიხედვით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტერორისტული თავდასხმა“ - ზელენსკი სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე
👉 რუსეთი აცხადებს, რომ კრემენჩუკში იარაღის საწყობი დაბომბა და არა სავაჭრო ცენტრი
👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW
👉 „შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ“ - ოლაფ შოლცი
👉 რუსეთში ელიტებს შორის კონფლიქტი მწიფდება, სიტუაცია კრიტიკულია - ექსპერტი