ტაივანური კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Acer-მა, რუსეთთან ბიზნესის შეწყვეტის შესახებ განცხადების მიუხედავად, აგრესორ ქვეყანას 2022 წლის 8 აპრილიდან 2023 წლის 31 მარტამდე 70.4 მილიონი დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა მიაწოდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ Acer-ის ქმედებები უკანონო არ არის, ისინი განსხვავდება მისი ძირითადი დასავლელი კონკურენტებისგან, როგორიცაა Dell-ი და HP-ი, რომლებმაც მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს.
კომერციული ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ Acer-ის მიერ წარმოებული ტექნიკა მიეწოდებოდა რუსეთს როგორც Acer-ის შვეიცარიაში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ასევე ამ შვილობილი კომპანიის მიერ შეკვეთილი მიწოდების სერვისების მეშვეობით.
იმის გამო, რომ გაყიდვები განხორციელდა ტაივანის ფარგლებს გარეთ, ასეთი ტრანზაქციები ტაიბეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ არღვევდა და არც იმ საქონელს ეხებოდა, რომლის ექსპორტი შვეიცარიის ანტირუსული სანქციებით შეზღუდულია.
ამასთან, Reuters-ი აღნიშნავს, რომ გასული წლის 8 აპრილს კომპანიამ განაცხადა: „ბოლო მოვლენების გამო [უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო], Acer-მა გადაწყვიტა, რუსეთში თავისი ბიზნესი შეაჩეროს“.
შვეიცარიის შვილობილი კომპანია Acer Sales International SA-ის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის გაგრძელების შესახებ კითხვაზე, კომპანიის სათავო ოფისმა ტაივანში აღნიშნა, რომ „Acer-ი მკაცრად იცავს დადგენილ საერთაშორისო ნორმებს და სავაჭრო მოთხოვნებს რუსეთში ექსპორტისთვის“.
პასუხში ასევე ნათქვამია, რომ შვეიცარიის შვილობილ კომპანიას რუსეთისთვის ლეპტოპები ან დესკტოპ კომპიუტერები გასული წლის 8 აპრილის შემდეგ არ მიუწოდებია, მაგრამ მან მიაწოდა „შეზღუდული რაოდენობის აქსესუარები რუსეთის ბაზარზე შიდა სამოქალაქო გამოყენებისთვის“.
Acer-მა არ თქვა, თუ რატომ აგრძელებს თავისი პროდუქციის რუსეთში გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბიზნესის შეჩერება გამოაცხადა.
Reuters-ის წყარომ, ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ Acer-ის პროდუქტების, მათ შორის კომპიუტერებისა და ლეპტოპების, რუსეთში გაყიდვა 2022 წლის აპრილის შემდეგაც გაგრძელდა.