ალასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, შეეცდება ვლადიმერ პუტინს შესთავაზოს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომა და სანქციების შემსუბუქება უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Telegraph ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესანტი იკვლევს ეკონომიკურ კომპრომისებს, რაზეც აშშ შეიძლება წავიდეს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაჩქარებლად.
„ეს გეგმა მოიცავს ალასკის ბუნებრივი რესურსების მოსკოვისთვის გახსნას და რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული ზოგიერთი ამერიკული სანქციის მოხსნას. ასევე, სავარაუდოდ, აშშ რუსეთს შესთავაზებს უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ იშვიათ მინერალებზე წვდომას, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - ნათქვამია სტატიაში.
The Telegraph-ის ცნობით, უკრაინას მსოფლიოში ლითიუმის მარაგების 10% ეკუთვნის, რომლებიც თანამედროვე ბატარეების წარმოებაში გამოიყენება. ლითიუმის ორი უდიდესი საბადო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს.