მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტყის ხანძრების შედეგად, სამხრეთ იტალიაში, ვეზუვის მთაზე ტურისტული ბილიკები დაიკეტა - The Guardian

ხანძარი იტალიაში

სამხრეთ იტალიაში, ვეზუვის მთაზე ტურისტული ბილიკები დაიკეტა, რადგან მეხანძრეები ვულკანის ფერდობებზე უზარმაზარ ტყის ხანძარს ებრძვიან. ოფიციალური პირები კიდევ ერთი, რთული დღის შესახებ აფრთხილებენ მეხანძრე/მაშველებს. 1949 წლის შემდეგ, სამხრეთ ევროპაში ყველაზე დიდი ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

ნეაპოლის მახლობლად, ვეზუვის მთაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და 9 აგვისტოს შუადღისთვის დაახლოებით, 3 კილომეტრამდე იყო გადაჭიმული, რამაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა და გარეული ცხოველები იმსხვერპლა. მთელი დღის განმავლობაში, პომპეიდან და ნეაპოლიდან სქელი კვამლი ჩანდა. 

იტალიის სახელმწიფო ფლოტიდან ექვსი Canadair-ის სახანძრო თვითმფრინავი გაიგზავნა. ადგილზე მეხანძრეების, ჯარისკაცების, სატყეო კორპუსის, პოლიციისა და იტალიის სამოქალაქო დაცვის მოხალისეებისგან შემდგარი ჯგუფები მუშაობენ. 

ეროვნული სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გავრცელების მონიტორინგისთვის დრონები გამოიყენებოდა. ოპერაცია ცხელმა და უნალექო ამინდმა გაართულა. ვეზუვის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ვულკანთან მისასვლელი ბილიკები, უსაფრთხოების მიზნით, ტურისტებისთვის დაიხურა. ჯერჯერობით, მნახველებისთვის ხელმისაწვდომია პომპეის არქეოლოგიური პარკი.

ხანძარმა ძირითადად, ტერცინიოს ფიჭვნარი და ტყეები მოიცვა ვულკანის ძირში მდებარე პატარა ქალაქების: ტრეკაზეს, ერკოლანოსა და ოტავიანოს მახლობლად.

ტერცინიოს მერმა ფრანჩესკო რანიერიმ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ შაბათს ღამით სიტუაცია „ძალიან კრიტიკული“ იყო, თუმცა მეხანძრეების ძალისხმევის შედეგად, ცეცხლი სახლებამდე არ მივიდოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის განზრახ გააჩინეს. რანიერის ვარაუდით, „მის უკან შესაძლოა, „კრიმინალური ხელი“ იდგეს“.