გარდაცვლილ ჩარლი კირკს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“ გადაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუტას კოლეჯის კამპუსში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ჩარლი კირკი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო.
„ჩარლი თავისი თაობის გიგანტი, თავისუფლების დამცველი და მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, 31 წლის კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკის იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.
ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სახურავიდან გადახტა და მიიმალა. მედიის ცნობით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოებიც აქვს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ მათი გავრცელებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, კოლეჯის ასაკისაა.