მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უმეროვი: უკრაინა და რუსეთი ამჟამად ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

კიევი და მოსკოვი ჯერ არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ომის დასრულების, ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუმცა ჰუმანიტარულ საკითხებზე, კერძოდ, პატიმრების გაცვლაზე, კონტაქტები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ისინი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება.

„ამჟამად ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარულ კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ვათავისუფლებთ სამხედრო ტყვეებს“, - აღნიშნა უმეროვმა.

ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა გაიხსენა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონს ეწვივნენ, სადაც ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრების გამართვის შეთანხმებას მიაღწიეს.

„ამგვარად, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ჩვენ ველოდებით სამმხრივ და ორმხრივ შეხვედრებს“, - დასძინა მან.

უმეროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი წლის ბოლომდე უკრაინაზე დღეში 1000-მდე დარტყმის განხორციელებას შეეცდება. ამჟამად ოკუპანტები თავდასხმებს აერთიანებენ, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, კამიკაძე დრონების გამოყენებით.

„რუსეთი ცდილობს, თავდასხმების რაოდენობა დღეში ათასამდე გაზარდოს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ისინი თავდასხმებს გააფართოებენ. ეს მიუთითებს, რომ რუსეთს ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ აქვს“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.