ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი, შესაძლოა, ევროპარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დადგეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენის უნდობლობის ვოტუმი ადრეც დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ მას ევროპარლამენტის უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.
საუბარია არა მხოლოდ ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, არამედ მისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზეც. Politico-ს წყაროს ცნობით, ძირითადი პრეტენზიები ევროკომისიის ხელმძღვანელის მიმართ აშშ-სთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას ეხება, რომელიც ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, გოლფის მოედანზე გააფორმეს.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ ევროპარლამენტში დადგეს პროცედურული საკითხი, რომლის მიხედვით ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადება უფრო რთული გახდეს და მას მეტი ხმა დასჭირდეს. ამ საკითხს დეპუტატთა ჯგუფი ინიციირებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ევროპარლამენტმა გასული წლის ზაფხულში დაამტკიცა. ის ამ თანამდებობაზე 2024-2029 წლებში არის დამტკიცებული.
მაგრამ გასული წლის ივლისში მემარჯვენე ძალებმა ევროპარლამენტში ფო დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი დააყენეს. ევროკომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ 175 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 360-მა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
ფონ დერ ლაიენის მისამართით კრიტიკა დაკავშირებული იყო მასსა და Pfizer-ის გენერალურ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის მიმოწერას COVID-19 პანდემიის დროს. გაზეთი The New York Times სასამართლოს მეშვეობით ამ მიმოწერაზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა. ამ მიმოწერის დროს ფო დერ ლაიენი და ბურლა, სავარაუდოდ, ვაქცინის 1,8 მლრდ დოზის შეძენის საკითხს განიხილავდნენ, რისი საერთო ფასი 35 მლრდ ევროა.