პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
მხარეებმა ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულად თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე, მათ კიდევ უფრო გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.
საუბრის ერთ-ერთ უმთავრეს თემას საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგენდა.
„თბილ ვითარებაში გამართული შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოვიხილეთ. ელჩს პარლამენტის საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური ზრდის საკითხები გავაცანი. ყირგიზეთის ელჩმა თბილისსა და ბიშკეკს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დააყენა, რაც ჩვენი მხრიდანაც მხარდაჭერილი იყო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად. მხარეებმა სამომავლო ვიზიტებზეც ისაუბრეს.