პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაასრულა.
დღეს კომიტეტის წევრები ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფლების ტოლოშის და დამალას ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე ხარისხის განათლებაზე წვდომა, როგორიც დიდ ქალაქებში მცხოვრებ მათ თანატოლებს. მისივე თქმით, რეგიონებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„განახლებული სკოლები, კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები და თანამედროვე რესურსებით აღჭურვილი დაწესებულებები ხელს უწყობს მოსახლეობის ადგილობრივ სივრცეში შენარჩუნებას და აძლიერებს რეგიონულ განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში კომიტეტის წევრებთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე იმყოფებოდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სამი დღის განმავლობაში ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ და ახლად რეაბილიტირებული სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული სასწავლებლები დაათვალიერეს. ასევე შეხვდნენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.