საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, მასწავლებლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მასწავლებლებო, თქვენ მიერ გაღებული შრომა და სიყვარული თაობების სახით დარჩება ისტორიაში. თქვენი საქმე შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელიც ემსახურება განათლებული, პასუხისმგებლიანი, პატრიოტი და ძლიერი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც თავიანთ ცოდნას ჩვენი სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებას მოახმარენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
ღონისძიებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.