პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში, თემაზე - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მისასალმებელ სიტყვაში, კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით პროცესების განვითარებას და გაძლიერებას საკანონმდებლო დონეზე.
„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობა გავაძლიეროთ იმ ღირებულებებით, რაზეც დგას აკადემიური სამყარო: შრომით და მუდმივი ცოდნისკენ სწრაფვით. დღევანდელი რეალობა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უპრეცედენტო ტემპით ვითარდება, გვავალდებულებს, ძირეულად გადავაფასოთ როგორც განათლების, ისე მეცნიერების როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოებაში.
ხელოვნური ინტელექტის ტალღამ მკვეთრად შეცვალა ცოდნის წარმოების, გავრცელებისა და მიღების გზები, რამაც ახალი მოთხოვნები დაუდო როგორც მეცნიერულ კვლევებს, ისე საგანმანათლებლო სტრუქტურებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპოქა გამოირჩევა იმ პროგრესით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერება ჰქვია. სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად გაამარტივებს სამუშაოს შესრულების პროცესსა და ხარისხს.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მომავალზე ორიენტირებულ თემაზე - ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.